სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა. ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.
„სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში“, – წერია ომბუდსმენის პრესსამსახურის განცხადებაში.
დღეს, 21 იანვარს, მზია ამაღლობელს საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით, მისთვის სილის გაწვნის გამო. მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს „უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების“ მიღება შეუძლია, ვიდრე პატიმრობაა.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი – იურისტების შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიმართ ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, მზია ამაღლობელი რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ შიმშილობს.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ყოველდღიურად იმართება.
21 იანვარს ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად, საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა რევაზ (რეზო) კიკნაძემ, რომელიც პროევროპულ აქციებზე 6 დეკემბერს დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით.
17 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ) განაცხადა, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლონ; ასევე გამოკვლეული იქნეს, ამაღლობელის პატიმრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო შურისძიებას ხომ არ ემსახურება.
მაშინ, როცა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაშია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ.
ფორუმი