აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საიმპიჩმენტო გამოძიების ოფიციალურად დაწყებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატამ, რომლის უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია 221 ხმით 212 წინააღმდეგ დაამტკიცა.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ რეზოლუცია მათ მეტ უფლებამოსილებას მისცემს მტკიცებულებების შეგროვებისა და სამართლებრივი მოთხოვნების აღსრულებისთვის.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები დემოკრატ პრეზიდენტს და მის ოჯახს ადანაშაულებენ არამართლზომიერი შემოსავლის მიღებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან, რომლებშიც ბაიდენი, როგორც ვიცე-პრეზიდენტი, მონაწილეობდა ობამას ადმინისტრაციის დროს. ასევე, ედავებიან იუსტიციის დეპარტამენტს ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის საქმის გამოძიებაში ჩარევაში. იუსტიციის დეპარტამენტი ბრალდებებს უარყოფს.
ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატაში გამართულ კენჭისყრას უსაფუძვლო პოლიტიკური ნაბიჯი უწოდა.
„იმის ნაცვლად, რომ რამე გააკეთონ ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ისინი ორიენტირებულნი არიან ჩემზე ტყუილებით თავდასხმაზე. იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ თავიანთი სამუშაო, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, ისინი ირჩევენ დროის დაკარგვას ამ უსაფუძვლო პოლიტიკურ ნაბიჯზე“, – განაცხადა ბაიდენმა კენჭისყრის შემდეგ.