ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ ყოფილა წარმოდგენილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე – დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს ადამიანს, პარტნიორს, რომელსაც ხელს ჩამოართმევს და მიიწვევს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, „კარგია, რომ ოპოზიცია ცდილობს, ასეთ დიდ ღონისძიებას დაესწროს“.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ ყოფილა წარმოდგენილი ინაუგურაციაზე. ეს არის განმსაზღვრელი, რომ დღეს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს ადამიანს, პარტნიორს, რომელსაც ხელს ჩამოართმევს და მიიწვევს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ეს არის პრობლემა. ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ნებისმიერი ფორმით ცდილობენ ასეთ დიდ ღონისძიებას დაესწრონ და ამაზე შესაბამისი მოწვევებიც აქვთ, ეს სხვა საკითხია და კარგია. ინაუგურაციას ვინ სად ესწრებოდა, ნამდვილად, მეათე ხარისხოვანია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილმა უპასუხა კითხვას: არის თუ არა თანხვედრაში „ოცნებისა“ და ტრამპის პოლიტიკა“ და აღნიშნა, რომ „ამის პასუხი“ ის განცხადებებია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებებთან დაკავშირებით კეთდება.
„არის თუ არა თანხვედრაში „ოცნებისა“ და ტრამპის პოლიტიკა, ამის პასუხი ის განცხადებებია, რომლებიც კეთდება ივანიშვილის სანქცირებებთან დაკავშირებით. ახალი ადმინისტრაციისთვის ასევე, მიუღებელია დიქტატორები, დიქტატორული რეჟიმები, და ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მოიაზრება პუტინის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის დიქტატორული რეჟიმების გვერდზე, მთავარი განმსაზღვრელია შემდგომი ურთიერთობებისა აშშ-ისა და საქართველოს შორის. ამიტომ, ივანიშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, დანიშნოს არჩევნები და ქართველ ხალხს მიანდოს საქართველოს მომავალი“,- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით საუბრები „გაუმართლებელია“.
„დიფ სთეითთან“ მიმართებით ყველანაირი საუბარი გაუმართლებლად მიმაჩნია, იმიტომ, რომ რეალური პოლიტიკა უნდა აწარმოოს ნებისმიერმა ხელისუფალმა და ნებისმიერმა პოლიტიკოსმა. ამიტომ, ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“ კიდევ უფრო სასაცილოდ ჟღერს „დიფ სთეითის“ საკითხი, მაშინ, როდესაც ისინი ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და სწორედ, რუსულ ინტერესებს ახორციელებენ ქვეყანაში. დღეს მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში „დიფ სთეითი“ კი არ არის, რუსული იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებაა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.