უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს პრეზიდენტობა მიულოცა. პუტინმა ილაპარაკა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზაობაზე.
პუტინი დადებითად გამოეხმაურა ტრამპის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა აეწყოს და ესკალაცია უნდა აღიკვეთოს.
“ვხედავთ აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ არჩეული [ტრამპის] და მისი გუნდის წევრების განცხადებებს მათ სურვილზე, აღდგეს პირდაპირი კონტაქტი რუსეთთან – რომელიც გაწყდა ჩვენი ბრალეულობის გარეშე, მიმავალი ადმინისტრაციის მიერ” – განაცხადა პუტინმა.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა თავის თანაშემწეებს უახლოეს დღეებში პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა. ტელეკომპანიის წყაროთა ცნობებით, საუბრის მიზანი, მათ შორის, იქნება რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებული ომის შეწყვეტის გზების ძიება. ტრამპის გუნდი იუწყებოდა ასევე ორი ქვეყნის პრეზიდენტების სამიტისთვის მზადებაზეც.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო და ამ წუთებში მიმდინარეობს. კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლების გადაცემა ვაშინგტონის დროით დღის 12 საათზე (თბილისის დროით საღამოს 9 საათი), უნდა მოხდეს.