ტრამპი ხვალვე აპირებს, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს – Wall Street Journal

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათშივე აპირებს, რომ რიგი აღმასრულებელი ბრძანებები საზღვრის, ენერგეტიკისა და მთავრობის რეფორმის პრიორიტეტული საკითხებისთვის გამოიყენოს.
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დიდი მოცულობის ბრძანებები, რითაც ტრამპი მნიშვნელოვნად შეცვლის საიმიგრაციო, ენერგეტიკისა და საჯარო მოხელეების დასაქმების მხრივ პოლიტიკას, ასახავს, თუ როგორი ტემპით აპირებს ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარი ამბიციური დღის წესრიგის გატარებას.
გამოცემის ცნობით, ტრამპის თეთრი სახლის აპარატის უფროსის მომავალმა მოადგილემ, სტივენ მილერმა 19 იანვარს რესპუბლიკური პარტიის უფროს ლიდერებს ადმინისტრაციის გეგმები გააცნო. რესპუბლიკელ კონგრესმენებზე დაყრდნობით WSJ წერს, რომ ტრამპის პირველი ნაბიჯები -მექსიკის საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, ე.წ. “მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობის” მხრივ ბაიდენის ადმინისტრაციის დირექტივების უკან წაღებისა და ნავთობის ბურღვაზე ბაიდენის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების გეგმებს მოიცავს.
საკითხზე ინფორმირებული რესპუბლიკელების თქმით, ბრძანებები, რომელიც კონგრესისგან გვერდის ავლით მიიღება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სასაზღვრო პოლიტიკას და მათი მიზანი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული აღმასრულებელი ბრძანებების გაუქმება იქნება.
რესპუბლიკელებმა გამოცემასთან თქვეს, რომ ტრამპისგან პირველივე დღეს ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოელიან, რაც ტრამპის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, სასაზღვრო პოლიტიკისთვის პენტაგონის რესურსები და ფინანსებიც გამოიყენოს.