ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025

სანდრო თვალჭრელიძე – “ტრამპი საქართველოსთვის, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოსთვის მოიცლის”
რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია 21 იანვრიდან და რას უპასუხებს ამას “ოცნება”
ლაშა ძებისაშვილი – “20 იანვრიდან “ქართული ოცნება” რეპრესიული ნორმების უფრო მკაცრად გატარებას დაიწყებს”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე – “ტრამპი საქართველოსთვის, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოსთვის მოიცლის”
“ჩვენ ტრამპის 4-წლიანი მმართველობა გვახსოვს და შეიძლებოდა იქიდან გამომდინარეც გვემსჯელა, მაგრამ არ გამოგვივა, რადგან მის პირველ ვადას დაემთხვა პანდემიის ყველაზე ცხელი პერიოდი, რამაც მას, გარკვეულწილად, ხელი შეუკრა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მსოფლიო, ჩვენც და მგონი, თვითონ ტრამპიც, სრულ გაურკვევლობაში ვართ და დაბეჯითებით იმის თქმა, რას გააკეთებს ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციის მეორე დღიდან, რთულია. მას ბევრი მრჩეველი ჰყავს და ისინი, ჩემი აზრით, სხვადასხვა მიმართულებით უბიძგებენ. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც წინასაარჩევნოდაც ვისმენდით და ს შემდგომაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საკმაოდ აგრესიული და ხისტი პოლიტიკის გატარებას აპირებს, რამაც მსოფლიოში შესაძლოა დიდი რყევები გამოიწვიოს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გააგრძელებს მექსიკასთან კედლის მშენებლობას და, ალბათ, დაასრულებს კიდეც, ექნება ხისტი პოლიტიკა ემიგრანტების მიმართ და ამ მიმართულებით კანონმდებლობის შეცვლასაც მოინდომებს. აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპი საქართველოსთვის, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოსთვის მოიცლის”.
“რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ვფიქრობ, ექნება მკვეთრად გამოხატული ანტიჩინური და ანტიტირანული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, ირანისა და ს ურთიერთობა ძალიან მწვავეა. ვფიქრობ, ისრაელი შეეცდება გამოიყენოს ბუფერად ამ დაპირისპირებაში და ყველაფერი გააკეთოს ირანის მმართველი რეჟიმის შესაცვლელად. ეს რით დასრულდება, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, ისევე როგორც რუსეთ-ამერიკის უახლესი მომავლის ურთიერთობა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენამდე ტრამპს უამრავი პრობლემა ხვდება, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას მისი მხარდაჭერის იმედი სულ ტყუილად აქვს. საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი საყრდენი სამხრეთ კავკასიაში, აშშ-ს ძალიან სჭირდება. მას სჭირდება ფორპოსტი ამ რეგიონში. ტრადიციულად ეს გახლდათ რესპუბლიკელების პოლიტიკა და დაუჯერებელი მგონია, ამ მიმართულებით, ტრამპმა რაიმე შეცვალოს. მეტიც, ჩემი აზრით, ის იქნება კიდევ უფრო ხისტი და თანამიმდევრული, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო. ვფიქრობ, გაზაფხულის ბოლოსთვის საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რყევები ელის. ტრამპი, სავარაუდოდ, მაშინ მოიცლის საქართველოსთვის”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“აშშ თავისუფალი სამყაროს არც ერთ გოჯს რუსეთს არ დაუთმობს. სამხრეთ კავკასია გასაღებია ახლო აღმოსავლეთისკენ, იმავე ირანისკენ. ტრამპმა თქვა, რომ ყველასგან და ყოველთვის დაიცავს აშშ-ის ინტერესებს და ასეც მოიქცევა. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ომიც ში. ტრამპმა თქვა, რომ ის აპირებს დაასრულოს ეს უმძიმესი ომი, თუმცა ჯერ გაურკვეველია, როგორ აპირებს ამას. შესაძლოა ტერიტორიების საკითხი იქცეს ვაჭრობის საგნად. მოლოდინია, რომ ტრამპი და პუტინი შეხვდებიან ერთმანეთს და ბევრი რამ უფრო ნათლად გამოჩნდება. ისევ სამხრეთ კავკასიას რომ დავუბრუნდეთ, დარწმუნებული ვარ, გეოპოლიტიკურადაც და მსოფლმხედველობრივადაც ჩვენი რეგიონით დაინტერესება სრულიად განსხვავებულია. უახლოეს მომავალში ეს უფრო ცხადად გამოჩნდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია გააძლიერებს ზეწოლას ივანიშვილის ხელისუფლებაზე. რისი იმედიც ივანიშვილს აქვს, სრულიად მცდარია. ტრამპის ადმინისტრაცია დამოკლეს მახვილივით კიდია ივანიშვილის ხელისუფლების თავზე და როგორც კი იქიდან წამოვა სერიოზული გზავნილები თუ ნაბიჯები, ივანიშვილი იძულებული გახდება უკან დაიხიოს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამ თვალსაზრისით საგულისხმო იყო აბსოლუტურად აბსურდული გამოსვლა ბატონი მაჭარაშვილის, რომელმაც ე.წ. გლობალურ ომის პარტიასა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ლამის ტოლობის ნიშანი დასვა. ჯერ ეს “გლობალური ომის პარტია” ხომ სრული მარაზმია, მაგრამ იმის ლაპარაკი, რომ თურმე სახელმწიფო დეპარტამენტი პრეზიდენტისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს, გაუგონარი სისულელეა. ტრამპი იმპულსური პიროვნებაა, მაგრამ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერს გააკეთებს. რაც შეეხება მის ბოლოდროინდელი სურვილებს, განსაკუთრებით გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის შემადგენლობაში მყოფი ეს მყინვარული კუნძული, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყინულის ინტენსიური დნობის ფონზე, აშშ-ისთვის, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთისთვის, უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ტრამპის განცხადებებიც ამას უკავშირდება, მაგრამ ეს საკმაოდ სახიფათო პოზიციაა, რამაც ევროპასთან აშშ-ის ურთიერთობა შეიძლება მნიშვნელოვნად დაძაბოს, თუმცა არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“საგარეო პოლიტიკაში აშშ-ის შეცდომები აქამდეც დაუშვია, თუნდაც ირანის დღევანდელ მდგომარეობაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი ჯერ კიდევ ჰენრი კისინჯერის არასწორი პოლიტიკის შედეგად, როდესაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ მათ ალტერნატიული ნავთობის წყარო შექმნეს ირანის სახით და გაამაგრეს ეს სახელმწიფო ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით გააძლიერეს. შეცდომა დაუშვეს ავღანეთში, ჩინეთში, რომლის ეკონომიკური აღორძინებაც ამერიკის პოლიტიკის შედეგია. სწორედ მათ ჩადეს უზარმაზარი ინვესტიციები გასული საუკუნის მიწურულს, რასაც ჩინეთის დღევანდელი ტექნოლოგიური აღმავლობა უკავშირდება. ამ ქვეყანას ქმნიდნენ როგორც საბჭოთა კავშირის შემაკავებელს, მაგრამ დღეს აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, სამაგიეროდ, საფრთხედ იქცა ჩინეთი… რაც შეეხება ანაკლიას, კი შემოიყვანეს ჩინური კომპანია, მაგრამ მასთან გაფორმებული კონტრაქტი დღემდე არ იძებნება ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, არც არაფერი ხდება პროექტის განხორციელების მხრივ. ჩემი აზრით, ივანიშვილი იტოვებს ამას როგორც სავაჭრო ერთეულს, მაგრამ ამასობაში ისე გაჭიანურდა ეს პროცესი, რომ ვფიქრობ, ამერიკამ ინტერესი დაკარგა. შესაბამისად, ანაკლია სავაჭრო აქტივად როგორ გამოადგება ივანიშვილს, არ ვიცი”, – ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
“კი, ათასობით ხალხი ესწრება ინაუგურაციას, მაგრამ იქ არის სპეციალური ლოჟა საპატიო სტუმრებისთვის და სწორედ იქ იქნება სხვა უმაღლეს ლიდერებთან ერთად. დააკვირდით, რა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა პირადად. როგორც წესი, ამის დაგეგმვა არცთუ ადვილია ხოლმე. აბა, წავიდეს და შეხვდეს… აშშ-ს სჭირდება დასაყრდენი და ძლიერი პარტნიორი ქვეყანაში და ამერიკელებმაც, როგორც დანარჩენმა თავისუფალმა მსოფლიომ, გადაწყვიტეს, რომ ეს არის სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი. როგორც აქამდეც მითქვამს, მიხეილ ყაველაშვილს არავინ ცნობს, დუშანბეში თუ წავა ვიზიტით, მეტი ვერსად. სალომე ზურაბიშვილს კი ისე იღებენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს. ის ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებს, მშვიდობიანს, ლაპარაკობს ვადამდელ არჩევნებზე და, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, მიზანს მიაღწევს. რაც შეეხება ხელისუფლების ძალადობას, გამოდის, ჩვენ ვერაფერს ვსწავლობთ ისტორიიდან. ზუსტად იმავე მეთოდებს იყენებენ, როგორსაც 2007-2008 წლებში და მერეც იყენებდა ს ხელისუფლება. ასეთივე ბოროტებით ებრძოდა ისიც თავის ოპონენტებს და როგორც დაასრულა, კი ვნახეთ. იგივე ბოლო ელის `ქართულ ოცნებას~, – დაასკვნის რესპონდენტი.
“ნიუტონის კანონი ვრცელდება საზოგადოებაზეც – ქმედება უკუქმედების ტოლია, რა სიხისტითაც იძალადებს ხელისუფლება საზოგადოებაზე, იმავე და უფრო ხისტ პასუხს მიიღებს. 30 წლის განმავლობაში ვერაფერი ვისწავლეთ. ხალხს ზეწოლა არ აშინებს, ამით უფრო მეტად ბრაზდება. საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. იქ სხვა ვითარებაა, სულ სხვა მენტალიტეტისა და მისწრაფებების ხალხი ცხოვრობს. დღეს რასაც ვხედავთ, ეს დამარცხებული ადამიანის პოლიტიკაა… დიდი ბრიტანეთის სანქციები იქნება ყველაზე ქმედითი ბერკეტი ს წინააღმდეგ და აი, რატომ – ტრადიციულად, ლონდონის ბირჟა მსოფლიო გლობალიზებული ეკონომიკის ძირითადი ინსტრუმენტია, სადაც თავს იყრის მთელი მსოფლიოდან წამოსული ფულის ნაკადები. ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესი სწორედ ამ ბირჟასთან არის დაკავშირებული. თუ ეს გზა გადაეჭრება, თან ისე, რომ მოხდება ყველა მასთან დაკავშირებული კომპანიის იდენტიფიცირება, მაშინ ის დარჩება ეკონომიკური ბერკეტის გარეშე, დარჩება ერთგვარ ვაკუუმში. ამიტომ ეშინიათ ასე ძალიან, რასაც “ოცნების” წერილიც მოწმობს, რაც, თავის მხრივ, მორიგი ბოდვაა გლობალურ ომის პარტიაზე”, – თვლის ექსპერტი.
“როდესაც კანონის აღსრულებას შეეხება საქმე, ორმაგი სტანდარტი იყო და არის ჩვენი ხელისუფლებების პრობლემა. პირდაპირ ეთერში ვნახეთ არაერთი თავდასხმა, მათ შორის ჟურნალისტებზე, და ჯერაც არავინ დაუკავებიათ. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაშია ვითომდა პოლიციელზე თავდასხმის გამო. ამგვარი მიდგომებით საკუთარ მხარდამჭერებსაც აეჭვებენ. ის იმედი, რასაც ამყარებდნენ “ქართულ ოცნებაზე”, ხალხს საპნის ბუშტივით ხელში უქრება. როგორც წესი, ბევრი მხარს ძლიერს უჭერს ხოლმე, მაგრამ როგორც კი ეს ძლიერი იშლება, მხარდაჭერაც ქრება. “ქართული ოცნების” იდეური მხარდამჭერია, ალბათ, 1%, დანარჩენი ამორფული მასაა, რომელსაც არა აქვს არანაირი მსოფლმხედველობრივი პრიორიტეტები. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ეს საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება. თუ არადა, უმძიმესი წლები გველის, რომლის შედეგადაც შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ”, – დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.
რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია 21 იანვრიდან და რას უპასუხებს ამას “ოცნება”
“საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია მოვლენების განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხ თარიღად მიიჩნევდა 20 იანვარს – აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ს ინაუგურაციის დღეს. რა პროცესებს უნდა ველოდოთ ამ თარიღის დადგომის შემდეგ – გაიზრდება თუ პირიქით, დაიკლებს გამოსვლების ინტენსივობა თბილისის ქუჩებში და ხომ არ გადაინაცვლებს “ოცნება”-ოპოზიციის დაპირისპირების ეპიცენტრი თბილისიდან ვაშინგტონში? მმართველ პარტიაში ვარაუდობდნენ, რომ აქციები 20 იანვრამდე დასრულდებოდა. 3 დეკემბერს პრემიერმა მ ბრიფინგზე ხაზგასმით თქვა, რომ “აქციების გაგრძელდ ება 20 იანვრამდე”. ამის პარალელურად კი ოპოზიციის მხრიდან პერიოდულად კეთდებოდა მინიშნებები, რომ სასურველი იყო მათ 20 იანვრამდე “მოესწროთ და აეძულებინათ ხელისუფლება, რომ დათმობაზე წასულიყო”. ანალიტიკოსთა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გაააქტიუროს ლობისტური საქმიანობა უშუალოდ ვაშინგტონში, რათა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა მოიპოვოს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია 21 იანვრიდან და რას უპასუხებს ამას “ოცნება”.
“აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ “ოცნების” ოპონენტები უკვე დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს – მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონშია და პირადი კონტაქტების გაბმას ცდილობს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს კი, რომელიც მას ამაში აქტიურად ეხმარება, კონგრესში ინიცირებული აქვს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი”. “საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით”, – განაცხადა შაბათს ზურაბიშვილმა “ფოქს ნიუსთან”. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პირველი დღეებში ქუჩის პროტესტში არაფერი შეიცვლება. მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრები ამერიკელ პარტნიორებთან პროტესტის მონაწილეებისთვის იმედის მომცემია. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ლობისტურ აქტიურობას ვაშინგტონში როგორც “ოცნების”, ისე ოპოზიციის მხრიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რადგანაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, უკვე აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია ზოგადად ჩვენს რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრები ცხადყოფს, რომ ეს წარმატებული იქნება საქართველოსთვის. დიდი შანსია, რომ მან ის პოზიცია დაიკავოს, რაც უჭირავს დღეს ქართულ ოპოზიციას. ხელისუფლება კი ალბათ 21 იანვრის შემდეგაც გააგრძელებს თავის პოლიტიკას: დაპატიმრებები, ჯარიმები, ადმინისტრაციული პატიმრობები. არ ვფიქრობ, რომ დაპირისპირება, გარკვეულწილად, ვაშინგტონის ველზე გადაინაცვლებს. არ მგონია, რომ ლობისტებმა რამე შედეგს მიაღწიონ. დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნება” ტრამპთან მოლაპარაკებებში ვერაფერს მიაღწევს. ჩვენ მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით ვერ განვიხილავთ მიმდინარე პროცესებს. გავიხსენოთ სომხეთიც – მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში დღეს რუსული სამხედრო ბაზაა, ის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია. ასე რომ, კავკასიის მიმართ ვაშინგტონის მხრიდან ვერ და არ იქნება ყურადღება შენელებული, გამორიცხულია. ტრამპის საგარეო პოლიტიკა ამ რეგიონში აქტიურია. ამის შედეგია, რომ სომხეთი მისი პარტნიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა შეჩერდა. ამას თუ დავუმატებთ საფრანგეთის ინტერესსაც სომხეთთან მიმართებაში, დასავლეთის ინტერესები კავკასიაში ძალიან მაღალია. მათი და ჩვენი ეროვნული ინტერესები კი ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. ამიტომ იქნება სრული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ”, – აცხადებს გამოცემის კორესსპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ინაუგურაციის შემდეგ ოპოზიციისა და “ოცნების” ნაბიჯები დიდწილად ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, მისივე თქმით, საპროტესტო გამოსვლები ძველებურად გაგრძელდება. ვარაუდობს, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის საინფორმაციო ომი უფრო გამწვავდება როგორც ქვეყნის შგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისივე აზრით, ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშნელობა ექნება კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ ცნობილ აქტს. “ვფიქრობ, ოპოზიცია ახლა გაფაციცებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, ცდილობს დასავლეთში შეხვედრები სათავისოდ გამოიყენოს. აქციები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, რადგან ამ მუხტის შენარჩუნება მთავარი კოზირია კოლექტიური ოპოზიციისთვის, რომ გარედან უზრუნველყონ აქტიური დახმარება”, – ამბობს ანჯაფარიძე, რომლის თქმით, “თუკი აქციები შეწყდა, მაშინ დასავლეთში იფიქრებენ, რომ კრიზისი განიმუხტა და დამოკიდებულებაც შეიცვლება”, – დასძენს გამოცემა.
“ვფიქრობ, საინფორმაციო ომზე დიდ გავლენა ექნება უილსონის აქტს, რადგან ოპოზიციისთვის ეს გამარჯვების ტოლფასი იქნება, თუ კონგრესში გავიდა. თუმცა, გავა თუ არა, ეს ჯერ არ ვიცით. ამას ისიც ემატება, რომ ამ დოკუმენტს რიგი პროცესების უძღვის წინ, თუმცა პირველ ეტაპამდე გასვლაც კი ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ მომგებიან პოზიციაშია. საინფორმაციო ომი უწყვეტად მიმდინარებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ამიტომ, პირიქით, ველოდები, რომ 21 იანვრის შემდეგ ეს ომი უფრო გამწვავდება. საქართველოში არ გვაქვს ის პოლიტიკური მოცემულობა, როგორიც დასავლეთში. მაგალითად, დასავლეთში ერთი მხრიდან კომპრომისული ნაბიჯი არ აღიქმება მარცხად, საქართველოში კი, სამწუხაროდ, სხვა პოლიტიკური მოცემულობა გვაქვს. ამიტო მე სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ინაუგურაციის შემდეგ მხარეებს შორის შედგეს კომპრომისი ან დიალოგი. დაკავებულთა ნაწილის გათავისუფლება, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, იქნება კეთილი ნების ჟესტი, ხოლო ახალი არჩევნების დანიშვნა სხვა საკითხია. ამაზე არ წავა ხელისუფლება, ან თუ წავა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან დიდი ზეწოლა იქნება საერთაშორისო საზოგადოებისგან. თუმცა, ჯერჯერობით, მოვლენების ასეთი განვითარების პირობები არ არის და ამის არანაირი ლეგიტიმური საფუძველიც არ არსებობს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ლაშა ძებისაშვილი – “20 იანვრიდან “ქართული ოცნება” რეპრესიული ნორმების უფრო მკაცრად გატარებას დაიწყებს”
“ქართულ ოცნებას” შემაკავებელი მუხრუჭები აღარ აქვს, პასუხსაც არავინ სთხოვს და, შესაბამისად, ისეთი ინციდენტებიც მოსდით, რისი “გაპრავებაც” შემდგომ უწევთ. ყოველ ჯერზე ცდილობენ ფსიქოლოგიური და საინფორმაციო უპირატესობა მოიპოვონ, საბოლოოდ კი მძიმე დარტყმას თავად იღებენ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გუნდში ნერვიულობის დონე და გაურკვევლობა მაღალია, ამიტომ ახლო მომავალში საინტერესო რაღაცებია მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” გააძლიერებს რეპრესიებს, სწორედ გაურკვევლობა და კონსოლიდაციის ნაკლებობა დააშვებინებს მეტ შეცდომას ბზარგაჩენილ პარტიას. რასაც აქამდე “ოცნება” აკეთებდა, იმ შეცდომების დამსახურებაა, რასაც უმრავლესობა ყოველდღე უშვებდა, დაწყებული ე.წ. რუსული კანონის შემოღებით, რომელიც მას არაფერში სჭირდებოდა და რითაც ააყირავა სიმშვიდე ქართველ საზოგადოებაში, მასობრივი მობილიზება გაუკეთა ახალგაზრდობას და საზოგადოების ის სეგმენტი დაიპირისპირა, რომელიც საერთოდ არ იყო დაინტერესებული პოლიტიკური აქტივიზმით”, – აცხადებს პოლიტოლოგი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “20 იანვრიდან “ქართული ოცნება” რეპრესიული ნორმების უფრო მკაცრად გატარებას დაიწყებს”.
“მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებამ” არჩევნები გააყალბა, ხალხი ქუჩაში მაინც არ გამოვიდა. ამიტომ იფიქრეს, ევროპული ინტეგრაცია უნდა მოვსპოთ დღის წესრიგიდან, პროტესტიც მასობრივი არ არის, ე.ი. მოვერიეთ, ფსიქოლოგიურად გადავტეხეთ ეს ხალხი და ბარემ ესეც დავაყოლოთო. ხალხი ისევ გამოვარდა, ააყირავეს მთელი საქართველო და ეს “ოცნების” დამსახურებაა…. ახლა “ოცნების” ამოცანაა ერთგვარად გაახანგრძლივონ ეს პროცესი. მიაჩნიათ, რომ მარშები ნელ-ნელა აქტუალურობას დაკარგავს, ხალხი დაიღლება და სულ უფრო ნაკლები ხალხი მიიღებს მასში მონაწილეობას. ამას თან უნდა სდევდეს ის მომენტი, რომ ოპოზიციასა და საზოგადოებაში უნდა დაიწყოს აქტიური ფიგურების დაშინება გნებავთ “ტიტუშკების” ან მათი სახით გამოყვანილი მერიის თანამშრომლებით, სხვადასხვა სიპ-სა და აიპ-ში გაფორმებული პირებით თუ უბნის “ბირჟავიკებით”. დაშინების ტაქტიკას თავისი მეთოდიკა აქვს – ზოგს პირდაპირ ურტყამენ, ზოგს იწვევენ ჩხუბში, მერე რაღაცაში რომ დაადანაშაულონ. დე ფაქტო ხელისუფლების ბერკეტები იწურება. პროტესტი თუ გაძლიერდა, ხელისუფლება მხოლოდ “ტიტუშკებით” ვერაფერს გახდება და პროტესტის ჩასახშობად შეეცდება სხვა მეთოდებს მიმართოს – ხისტი ძალის ფართომასშტაბიანად გამოყენებას ვგულისხმობ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.
“პოლიტიკურ იზოლაციას დასავლეთისგან მოჰყვება ეკონომიკური და ფინანსური იზოლაცია, რაც შეარყევს “ქართულ ოცნებას”. ვფიქრობ, ახლა გარდამავალ პროცესში ვართ: ერთი მხრივ, საპროტესტო მოძრაობა იძულებული იქნება დაფიქრდეს, რა იქნება პროტესტის ახალი ფორმა. ჩემი აზრით, მარშებმა თავი ნელ-ნელა ამოწურა. ამ იდეამ ფანტასტიკურად შეასრულა თავისი მისია, მაგრამ ამოწურა პოტენციალი. მუდმივი პროტესტი და დგომა რუსთაველზე, მათ შორის მარშების სახით, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ წარმოადგენს ზეწოლის მთავარ ბერკეტს “ოცნებაზე”. პარტიის მთავარი შემაწუხებელი ახლა სანქციებია, რაც მის მომხრე ელიტებში დიდ ბზარებს გააჩენს. ასევე საპროტესტო მოძრაობის მასშტაბის უფრო გაზრდა, რასაც უნდა დაემატოს პერმანენტული საყოველთაო მასობრივი გაფიცვა თბილისში, რომლის მასიურობის და უწყვეტობის გამო ქალაქი შეიძლება სრულიად გაჩერდეს. ეს თუ არ მოხდა, დე ფაქტო ხელისუფლება ვერ იგრძნობს თავს წნეხში და გააგრძელებს ამ რეჟიმში ფუნქციონირებას იმის მოლოდინით, რომ საქართველოს მოსახლეობა, ბოლოს და ბოლოს, შეეგუება ამ ვითარებას, ზოგიც წავა ქვეყნიდან და ხახვივით შერჩებათ ხელისუფლება”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“არ დაგვავიწყდეს, რომ “ქართული ოცნების” ამოცანაა პოზიციის გამყარება, მათი სტრატეგიული მიზანია ჭანჭიკების უფრო მოჭერა. ხელისუფლება გაცილებით მკაცრად დაერევა როგორც თავისუფალ მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმიტომ, რომ ფიქრობს, რეალურად აამოქმედებს რუსულ კანონს. რომ ამბობენ, დაველოდოთ 20 იანვარსო, ეს პირობითი თარიღია და რეალურად 20 იანვრიდან მოყოლებული, “ქართული ოცნება” რეპრესიული ნორმების უფრო მკაცრად გატარებას დაიწყებს, განსაკუთრებით მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყოველთვის ცუდ სცენარებზე, რათა მერე გაგვიხარდეს, თუ განვითარდება უფრო მსუბუქი ან კარგი ვარიანტი. არც ერთი ავტორიტარული რეჟიმი ნებით, ბუნებრივია, ხელისუფლებას არ თმობს და ის ყოველთვის შეეცდება ბოლო მომენტამდე იმოქმედოს კიდევ უფრო კონსოლიდაციისა და გამყარებისთვის. ამიტომ ბრძოლა ამ მიმართულებით უფრო გამძაფრდება. ის შეეცდება აქ რუსეთის მსგავსი რეჟიმის დამყარებას და ეს წარმოუდგენელია მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის გაძლიერების გარეშე”, – განმარტავს პოლიტოლოგი.
“ამ პროცესის პარალელურად იქნება სამოქალაქო წინააღმდეგობა და ეს ორი პროცესი ერთმანეთს შეეჯიბრება – რამდენადაც გამკაცრდება რეპრესიები, ამის პირდაპირპროპორციულად თუ გაიზარდა სახალხო და სამოქალაქო პროტესტი, მაშინ გამოჩნდება, ვის ეყოფა რესურსი და ფსიქოლოგიურ-მორალური გამძლეობა, რომ გაუძლოს მეორე პროცესს. არ არის გამორიცხული, სანქციების, ეკონომიკური და ფინანსური უკუსვლის ფონზე უკვე ხელისუფლებაში დავინახოთ რესურსებისა და ნების გამოლევა, შეიძლება სამოქალაქო წინააღმდეგობის პროცესმა აჯობოს ხელისუფლების რეპრესიების გამძაფრებას. შესაძლოა პირიქით იყოს, თუ აქეთ მხარეს, სამოქალაქო და პოლიტიკური ოპოზიციის მხარეს ვერ მოხერხდა სათანადო კოორდინაცია, მოქმედებისა და რესურსების მობილიზება, მასების ჩართვა პროტესტში, ვიხილავთ აქეთ მხარეს ნაკლებ ენერგიას, მეტ დათმობას, რეალობასთან შეგუებას და ეს იქნება ერთგვარი ინდიკატორი, რომ დე ფაქტო ხელისუფლება იგებს. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება კონკურენციაში მყოფ ამ ორ პროცესს შორის, სად უფრო მეტი ნება, რესურსი, კონსოლიდაცია და მეტი მხარდაჭერაა შიგნით თუ გარეთ. ეს ინგრედიენტები განაპირობებს რომელიმე მხარის წარმატებას”, – დასძენს ლაშა ძებისაშვილი.