“დადარი” თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მაღაზიის გახსნას გეგმავს

ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „დადარი“ წელს თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, არჩილ გობეჯიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, ფიზიკური მაღაზიის გახსნა, სავარაუდოდ, მეორე კვარტალში უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე, პრეზენტაცია საბურთალოზე მდებარე “სითი მოლთან” უკვე გაგზავნილი აქვთ და იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება.
„ჩვენი მოლოდინით, ამ წლის მეორე კვარტალში შევძლებთ [ბრენდული მაღაზიის] გახსნას. პირველ ეტაპზე სტენდის/კიოსკის, მოწყობა გვინდა. გვსურს დავინახოთ და შევაფასოთ როგორი შედეგებით წავა გაყიდვები, ამის შემდგომ ეტაპად განვიხილავთ შედარებით დიდი მაღაზიის სივრცის მოწყობას.
პრეზენტაცია უკვე გაგზავნილი გვაქვს საბურთალოს “სითი მოლთან”, იმედი გვაქვს, წარმატებული თანამშრომლობა შედგება. პირველ ეტაპზე, 150 000 ლარის ინვესტიციას ვახორციელებთ საწარმოს ტექნიკური ბაზის გაძლიერებისთვის და სავაჭრო ცენტრში პროდუქციის სარეალიზაციო სივრცის მოსაწყობად. ამ ინვესტიციაში დიდი მხარდაჭერა და წვლილი მიუძღვის გავლენის ფონდს “აქციო” და ევროკავშირს, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას, შშმ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას“, – ამბობს არჩილ გობეჯიშვილი.
რაც შეეხება კადრების დასაქმებას, მათი რაოდენობა დამოკიდებული იქნება საერთაშორისო გამოფენის შედეგებზე, რომელშიც იანვრის ბოლოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით მიიღებს კომპანია მონაწილეობას.
გობეჯიშვილის ცნობით, ამ ეტაპზე, კომპანიას 30 ადამიანის სრულ განაკვეთზე დასაქმების რესურსი აქვს. თუმცა, ამისათვის საჭიროა B2B პარტნიორებისგან შესაბამისი მოთხოვნა წამოვიდეს და გაყიდვები გაიზარდოს.