ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ საახალწლო პერიოდში ტურისტული ნაკადები მოსალოდნელზე დაბალი იყო.
როგორც კომპანია WST-ის და „ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა ყველაზე მეტად დედაქალაქზე აისახა, სადაც ტურისტული ნაკადების კლება მეზობელი ქვეყნებიდანაც ფიქსირდებოდა, რაც საბოლოოდ ბიზნესის შემოსავლებზე ნეგატიურად აისახა.
გერმანე ჭელიძის განცხადებით, ტურისტული ნაკადების მხრივ, ნეგატიური ტენდენცია შეინიშნება იანვარშიც.
„დეკემბერში ტურისტების დიდ ნაკადს ველოდებოდით, თუმცა ეს სამწუხაროდ, არ შედგა. ბევრ ტურისტს ველოდებოდით სომხეთიდან, თუმცა წელს საახალწლო პერიოდში მხოლოდ 20-25% ჩამოვიდა იმ ტურისტული ნაკადებისა, რასაც ველოდებოდით. დავრჩით გალფის ქვეყნების ანაბარა, შეიძლება ითქვას, რომ მხარჯველუნარიანი ტურისტები არ ყოფილან.
გასულ წელი იმით გავიტანეთ, რომ გალფის ქვეყნებიდან MICE ტურიზმის მიმართულებით ჯგუფები გვყავდა, რაც წელს საერთოდ არაა. ამას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ვუკავშირებთ, რადგან ხალხს შიში ჰქონდა, არ იცოდნენ, საქართველოში რა იქნებოდა. შედეგად, დეკემბერში დაახლოებით ბრუნვის 15-20%-იანი კლება გვქონდა. ზოგადად იანვარი და თებერვალი დაბალი ტურისტული სეზონია, თუმცა თუკი გასული წლების ამავე პერიოდს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ იანვარშიც კლება გვაქვს“, – განაცხადა გერმანე ჭელიძემ.
ცნობისთვის, Galt & Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით 220 მლნ დოლარამდე შემცირდა.