თბილისის მერი, კახა კალაძე აპირებს რუსთაველის გამზირი სამშენებლო მოედნად აქციოს. მერიას ორი ტენდერი ჩაუვარდა. საპროტესტო აქციების ფონზე, რუსთაველის გამზირის გადათხრის და იქ მასშტაბური რეაბილიტაციის საკუთარ თავზე აღების სურვილი ბიზნეს არ ჰქონდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გარკვევით წერია, რომ 4-იდან ორ ლოტზე კონკურსი არ შედგა. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩამდე და შემდეგ თავისუფლების მოედნამდე კალაძე საგზაო სამუშაოებს ვერ იწყებს. კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად ქვეყნის მთავარ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებით, მერს სურდა ასე მაინც შეეშალა ხელი დემონსტრაციებისთვის, რომელიც, თითქმის, ორი თვეა არ წყდება, მაგრამ კალაძეს გეგმა ჩაუვარდა, რადგან “ოცნებასთან“ საქმის დაჭერა რეჟიმთან ასოცირებულ ბიზნესსაც კი აღარ სურს.
დედაქალაქის მერიამ 28 მილიონიანი შესყიდვა 24 დეკემბერს გამოაცხადა, სამუშაოები 4 ნაწილად დაიყო – 14 იანვრამდე კომპანიებს ჰქონდათ ვადა, თუმცა 4-დან 2 ტენდერში მონაწილეობაზე არავინ დათანხმდა. ასე ჩაიშალა 16 მილიონის შესყიდვები.
კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ კალაძე ახლა ეცდება ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესს გაურიგდეს და კორუფციული ინტერესების სანაცვლოდ მაინც დაითანხმოს რეაბილიტაციის დაწყებაზე. მერი აანონსებს, რომ სამუშაოებს მაინც მალე დაიწყებს.
ახალი შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. კომპანიებს ამჯერად 5 თებერვლამდე აქვთ ვადა მერის დავალების შესრულებას დათანხმდნენ და რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაიწყონ.