მე არ ვისურვებდი რაიმე სანქცია განხორციელდეს თუნდაც იმ ბიზნესების მიმართ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ორბიტაზე არიან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ბიზნესის დასანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, დასანქცირებულ პირებს შორის მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესებიც არიან. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ბიზნესების პოლიტიკური შეხედულებებისა, ისინი არ უნდა სანქცირდებოდნენ, ვინაიდან მათ გარკვეულ ნაწილს ხელისუფლების მხრიდან აგრესიული ქმედების ეშინია.
„თუ არ ვცდები, ვნახე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომლის თანახმადაც საუბარი იყო „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ გარემოცვის დასანქცირებაზე. ვფიქრობ, მათ შორის ბიზნესმენებიც არიან, თუმცა გვარები არ საჯაროვდება. სანქცია აშშ-ში ჩასვლის აკრძალვაზე იყო. ასეთი ტიპის სანქცია შეიძლება ამათუ იმ ბიზნესის მიმართულებით იყოს უკვე გამოყენებული, რომლებიც „ქართული ოცნებასთან“ გამორჩეულად დაახლოებული არიან.
თუმცა, მე არ ვისურვებდი რაიმე სანქცია განხორციელდეს თუნდაც იმ ბიზნესების მიმართ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ორბიტაზე არიან. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დროებითია. ეს არის გამოწვეული სამწუხარო ტრადიციით, რომ ბიზნესის გარკვეული ნაწილი მაინც ფრთხილობს, ღია კრიტიკა გამოთქვას ხელისუფლების მიმართ, რადგან ეშინია, რომ ხელისუფლების მხრიდან აგრესიულ ქმედებებს მიიღებს. მაგრამ არის ბიზნესების ნაწილი, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებული არიან ხელისუფლების კეთილგანწყობაზე. თუმცა, გავიმეორებ, რომ მე არ ვისურვებდი, რომ რომელიმე ბიზნესი ან ბიზნესმენი იყოს დასანქცირებული, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა“, – ამბობს ჯაფარიძე.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ქვეყანას ეროვნული, კოალიციური ხელისუფლება ეყოლება. მისი თქმით, ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოსვლის შემდეგ, ბიზნესების პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ შიში დასრულდება და ყველას შეეძლება საკუთარი პოლიტიკური პრეფერენცია თავისუფლად გამოხატოს.