მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
„მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.
უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს”, – განაცხადა დვალიშვილმა.
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მერაბ დვალიშვილ უმარ ნურმაგომედოვთან გამარჯვებას ეხმიანება და ულოცავს
ილია თოფურია: „მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ, ჩვენ შენით ვამაყობთ, ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება“
UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
ტიტულის დაცვის გარდა, ქართველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაშიც შევიდა – მას უკვე 92 გდება (თეიქდაუნი) აქვს შესრულებული, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.