„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა. პლატფორმა აღარ იძებნება Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მარკეტებში.
ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. მანამდე ამერიკელმა მოქალაქეებმა მიიღეს ცნობა, რომ TikTok 19 იანვარს აშშ-ში 170 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის სრულად გაითიშებოდა. კომპანიის განცხადების მიხედვით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოხდებოდა, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Apple-ისა და Google-ის მსგავს კომპანიებს გარანტიებს არ მისცემდა, რომ TikTok-ის აკრძალვის შემთხვევაში, მათ არ ექნებოდათ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის ვალდებულება.
„ტიკ ტოკმა“, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance-ი ფლობს, მომხმარებლებს შეატყობინა: „აშშ-ში მიღებულია კანონი „ტიკ ტოკის“ აკრძალვის შესახებ. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ვერ შეძლებთ „ტიკ ტოკის“ გამოყენებას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, იმუშაოს ჩვენთან ერთად „ტიკ ტოკის“ აღდგენის გადაწყვეტილებაზე თანამდებობის დაკავების შემდეგ. გთხოვთ, დაელოდოთ განახლებებს“.
ByteDance-ის სხვა აპლიკაციებიც, მათ შორის ვიდეოს დამუშავების აპლიკაცია Capcut-ი და სოციალური აპლიკაცია Lemon8 გაუქმდა და აღარ არის ხელმისაწვდომი აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში.
ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, „ტიკ ტოკი“ ან გაყიდოს, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას. მანამდე აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, რომ კანონი, რომელიც კონგრესმა შარშან დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა, არ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების შესახებ.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, დიდი ალბათობით, „ტიკ ტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადაავადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.