ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს და ფონდის აუდიტს ითხოვს
საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს ადანაშაულებს და ფონდის აუდიტს ითხოვს.
მისი თქმით, ქვეყნდება „შელამაზებული, მომგებიანი შედეგები“, ამიტომ აუცილებელია ფონდის დამოუკიდებელი და ობიექტური აუდიტი.
„სანამ ფონდი საბანკო პროდუქტებში იყო, 12-13% წლიურს წერდა სტაბილურად. როგორც კი დაიწყეს ე.წ. საინვესტიციო საქმიანობა, გააქანეს და დოლარი იყიდეს ყველაზე ძვირი რომ ღირდა მაშინ, მერე, როცა ყველა ცენტრალური ბანკი აცხადებდა რომ ინფლაცია მოდის და განაკვეთებს ავწევთო (ამ დროს აქციების ფასები მკვეთრად ეცემა) – გააქანეს და ამ ძვირად ნაყიდი დოლარით აქციების ინდექსი იყიდეს ყველაზე ძვირი რომ იყო მაშინ. ახლა რაღაც თვალთმაქცურ პოსტებს დებენ…. რომ ვკითხე დაწერეთ რა ფასად იყიდეთ და ახლა რა ღირს თქო – პასუხის მაგივრად თავისივე პოსტიც და ჩემი კომენტარებიც წაშალეს. თავმოყვარე ორგანიზაცია ასე არ იქცევა. ამხელა ფული აქვთ მიბარებული 4.2 მილიარდი – ამათ როგორ ვენდო? რა ვქნა საჯაროდ გამოვიტანო ჩემი დანაზოგი?
რისკების არც დათვლა იციან და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის შექმნას – ლამის ჯვარს მაცვეს ამ თემაზე…. არ უნდა ვინმე დამოუკიდებლად და პროფესიულად ითვლიდეს და აკონტროლებდეს რისკებს – ახლა გასაგებია რატომაც – რაც არ უნდა წამგებიანი ტრანზაქციები აკეთონ, კაციშვილი არ არის განმკითხავი. არადა 4.2 მილიარდზეა საუბარი, რომელიც სულ იზრდება და რამოდენიმე წელიწადში ეროვნულის რეზერვებსაც გადააჭარბებს. ამხელა თანხებში უკონტროლოდ ოპერირება და რამოდენიმე ასეული მილიონის ან მეტის დაკარგვასაც ვერავინ შეამჩნევს….“, – წერს ლევან სურგულაძე სოციალურ ქსელში.
