ლევან იოსელიანმა ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა სახალხო დამცველის ოფისთან გამართულ აქციას, რომელზეც მას უწოდეს „რეჟიმის დამცველი“, რადგან ვერ დაინახა პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მიმართ „სისტემური წამება“ და „არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულებები“.
მის მიმართ პრეტენზიები გაჩნდა პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „პოსტვის” ეთერში ჩართვის გამოც.
„მსაყვედურობენ, რომ თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე…
დაბოლოს, რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ. სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება. რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ – მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, – წერს ლევან იოსელიანი.
დღეს, 17 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან აქცია გაიმართა.
დემონსტრანტებმა ადგილზე მიიტანეს პროევროპული აქციების იმ მონაწილეების ფოტოები, რომლებსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. პლაკატებზე ეწერა: „რეჟიმის დამცველი“, „სახალხო დამცველი – რეჟიმის დამცველი“. აქციაზე მიიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვილი მტკიცებულებებიც, რომლებითაც ამტკიცებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ლევან იოსელიანმა ბოლო პერიოდში ორი განცხადება გააკეთა:
· მას არ უნახავს არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულება;
· აქციის მონაწილეთა მიმართ სისტემური წამება ვერ დაინახა.