საგამოძიებოში არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა გამოძიება მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.
უწყება ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ ამაღლობელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის, სახეში შეფურთხების, საპირფარეშოთი სარგებლობისა და წყლის დალევის შეზღუდვის შესახებ 12 დეკემბრიდანაა ინფორმირებული. 15 დეკემებრს თავად ამაღლობელმა დეტალური, წერილობითი ინფორმაციაც მიაწოდა სამსახურს. დღეს, 17 ნოემბერს კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) უწყების ოფიციალური წერილითაც მიმართა.
საია, საგამოძიებო სამსახურისგან ითხოვს შემდეგ ინფორმაციას:
· დაწყებულია თუ არა გამოძიება, თუ დაწყებულია, რომელი მუხლით;
· თუ არ არის დაწყებული, რა აბრკოლებს გამოძიების დაწყებას;
· რატომ არ არის ცნობილი დაზარალებულად მზია ამაღლობელი ამ დრომდე?
· რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ მომხდარი არასათანადო მოპყრობა გამოძიებული იყოს.
“დღეს გავრცელებულ განცხადებაში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ არაფრისმომცემ მონაცემებს აწვდის საზოგადოებას ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობისას დაზარალებული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების საქმეებზე. გამოძიება ისევ არ მიმდინარეობს წამების მუხლით.
ამ დროისათვის ისევ არცერთი პირის მიმართ არ არის დაწყებული სისხლის სამართლის დევნა. საინტერესოა ისიც, მოითხოვა თუ არა სახალხო დამცველმა ამ საქმეების მასალებზე წვდომა და თუ შეისწავლა, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე”, – წერს საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაგრამ უწყებისგან ინფორმაციის მიღება ვერ მოვახერხეთ.
15 იანვარს, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში მოინახულა. ამაღლობელი ქურდოვანიძეს მოუყვა დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.