სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების უზრუნველყოფისთვის“ ყველა ღონეს გამოიყენებს. ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ე.წ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ მხარდაჭერა და დაგმეს „შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კონფლიქტების გაჩაღებასთან დაკავშირებით“.
„მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობების უფრო სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში მრავალპოლარული ტენდენციების გაძლიერებისკენ“, – ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციაში.