“ქსელურმა მარკეტებმა დისტრიბუტორებს გადასახადები გაუზარდეს” – დისტრიბუტორები VS რითეილერები

გაუარესებული პირობები და გაზრდილი გადასახადები საცალო ვაჭრობის ქსელების მხრიდან – როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, მხარეებს შორის სახელშეკრულებო პირობები წლიდან წლამდე იცვლება და იზრდება გადასახადებიც, რაც ბუნებრივია აისახება იმ პროდუქტის ფასზე, რომელიც მომხმარებელს თაროზე ხვდება.
ქსელურ მარკეტებში შესვლა დისტრიბუტორებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. ბიზნესი იხდის, როგორც ქსელში დაშვების საფასურს, ასევე სხვადასხვა მარკეტინგულ ხარჯს, ასეთია თაროზე დაშვების საფასური, ასევე ე.წ რეტრობონუსი, ქეშბექი და სხვა. ლაშა რიჟამაძის განმარტებით, თითქმის ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტს ერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს და იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესს ქსელში შეცვლის საკმაოდ სოლიდური თანხა აქვს გადახდილი, იძულებულია მარკეტების პირობებს დათანხმდეს.
“ჩვენდა სამწუხაროდ, პირობები გაუარესებულია და დაყენებულია დამატებით გადასახადები. არსებული გადასახადების ზრდა ხდება და დამატებით ახლის დაწესება, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს იმ ფასზე, რომელიც გვაქვს დღეს და ხვდება მომხმარებელს თაროზე. სწორედ ამიტომ გასულ წლებში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაცია, ისეთი ქვეყნების როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნები, , თუ დიდი ბრიტანეთი, სადაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება მოექცია ჩარჩოში ურთიერთობა, რათა დაეცვა მცირე და საშუალო ბიზნესი და დაეცვა მომხმარებელი და შეენარჩუნებინა ის ფასი, რომელიც არ შეიძლება ასე ყოველწლიურად იზრდებოდეს რიტთეილის მხრიდან დაწესებული გადასახადების გამო. პროდუქტის ღირებულებაში რიგ შემთხვევაში 60%-ს აღწევს ე.წ ქეშბექი, როცა გასულ წელს იყო 40-50%. ეს რა თქმა უნდა ფასში ისახება და საკმაოდ დიდ წვლილს იჭერს იმ მთლიან ფასში, რაც გვაქვს დღეს თაროზე.
მაგალითად, მიწოდების ფასიდან ე.წ ქეშბექი რჩება ქსელს და არა მწარმოებელს. ამას ემატება ქსელის მიერ თვითონ დამატებული ფასნამატი, ეს არის 50-60% მთლიანად ღვინის ღირებულებაში. პირობითად, თუ კომპანია აწვდის 10 ლარად ღვინოს ქსელს, ამ 10 ლარიდან კომპანიის არის 4 ლარი, 6 ლარი რჩება საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტს. ეს მინიმუმ. გარდა ამისა, შესვლის გადასახადია, თაროს გადასახადი, რომელიც არ მოიცავს 6 ლარს და ამ 4 ლარს აკლდება.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც მათ შორის ფასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს არის გადახდის ვადის დარღვევა. როცა ობიექტი აგვიანებს თანხის გადახდას, რომელიც არის ასეულობით ათასი ლარი, კომპანია იძულებულია ისარგებლოს საბანკო პროდუქტით, რაც დაკავშირებულია პროცენტთან და ეს პროცენტიც ჩადებულია იმ ფასში, რა ფასითაც ხვდება თაროზე”,-აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
ბიზნეს სუბიექტებს შორის ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავს რითეილ სექტორი. რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ორგანიზებულ ბაზარზე კონკურენცია მაღალია, დისტრიბუტორებს აქვთ არჩევანი, მათთვის მისაღები პირობების მქონე ქსელთან ითანამშრომლონ და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება არ იკვეთება. რაც შეეხება ქსელების მიერ დაწესებულ გადასახადებს, სოფო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა და ამაზე დამატებით ასოციაცია განმარტებებს ვერ გააკეთებს.
“დისტრიბუტორებს აქვთ სრული თავისუფლება ვაჭრობა მოახდინონ და მოლაპარაკებები ჰქონდეთ სხვადასხვა რითეილერთან. თუ ერთ კომპანიასთან არ აწყობთ პირობები, შესაძლებელია ეს პირობები დაუკმაყოფილოს სხვა კომპანიამ. საქართველოში არის თავისუფალი ეკონომიკური სივრცე, რატომ უნდა სთხოვდეს ბიზნესი და კერძო სუბიექტი სახელმწიფოს ორ ბიზნეს სუბიექტს შორის ურთიერთობების დარეგულირებაში ჩარევას და შესაბამის მითითებებს, თუ როგორ უნდა დაარეგულირონ ესა თუ ის კერძო ურთიერთობები?!. მე მგონია, რომ პირიქით ძალიან მისასალმებელია, რომ სახელმწიფო არ ერევა ბიზნეს სუბიექტებს შორის ურთიერთობაში. ამის აუცილებლობა დღეს არ არსებობს.
[ქსელის გადასახადები] არის აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა, როგორც ევროპიდან გადმოღებული ასევე სხვა ქვეყნებიდან. რამდენად მაღალი არის თუ დაბალი, ეს სუბიექტური შეფასებაა და რითეილ ასოციაცია ამ მიმართულებით კომენტარს ვერ გააკეთებს.
რაც შეეხება გადახდის დაგვიანებას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ორგანიზებული ბაზრის ჩვენი წევრი 13 მოთამაშიდან დაგვიანებები გადარიცხვებზე არ აქვს არცერთს. იმის იქით სხვა რითეილერებიც არსებობენ და მათზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,-აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი.