ადმინისტრაციული წესით დაკავებული ენმ-ის წევრი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული მოძრაობის წევრი, დავით გედენიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. მის წინააღმდეგ ჩვენება სამმა პოლიციელმა მისცა. ამის მიუხედავად, მოსამართლე კობა გედენიძემ მის მიმართ დაწყებულ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა და გედენიძე დარბაზიდან გაათავისუფლა.
ის 4 დეკემბერს, მაშინ დააკავეს, როცა პოლიცია ენმ-ის ოფისში შევიდა. მასთან ერთად დაკავებულ რამდენიმე ახალგაზრდას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. უშუალოდ გედენიძის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, დღეს კი საქმის წარმოება შეწყდა.
“მეგონა, რომ დამაკავებდნენ ადმინისტრაციულად, რადგან ჩემთან ერთად ვინც დააკავეს იმ დღეს, ყველას შეუფარდეს პატიმრობა. ჩემი სასამართლოც უკვე ორჯერ გადაიდო სხვადასხვა მიზეზების გამო. მოწმეების ჩვენებები იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, რომ მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გამამართლა აბსოლუტურად […] არაფერი მსგავსი მე არ გამიკეთებია, რასაც მოწმეები იძახდნენ”, – განაცხადა დავით გედენიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
ამ ეტაპზე დაპატიმრებულია დავით გედენიძის ძმა, ტიტე გედენიძე. მას ორი დღის წინ, 14 დეკემბერს, მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შსს მას იმავე – 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებოდა. ტიტე გედენიძე 12 დეკემბერს, დიღომში, რესტორან “ბაბილოში” მოსამართლე კორპორაციული წვეულების პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთი ოჯახიდან აქ დამსწრე მამის, ბესო გედენიძის, მეორე შვილიც არ დაატუსაღა ივანიშვილის რეჟიმმა”, – განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
ის, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ესწრებოდა დავით გედენიძის სხდომას.