„ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებზე თოვლის მიმართულებით პრობლემა არაა… მთავარი გამოწვევა ჯავშნების ნაკლებობაა“

ზამთრის საკურორტო სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად მზად არიან კურორტები სეზონის შესახვედრად, როგორია ჯავშნების რაოდენობა და რა მოლოდინი აქვს სექტორს. საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელს გეგა სალუქვაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კურორტებს ამინდი ხელს უწყობს და ხელოვნური გათოვლიანების სისტემაც კარგად მუშაობს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე ამინდი ხელს გვიწყობს, სეზონის ძალიან საინტერესო დასაწყისია, ასევე კარგად მუშაობს ხელოვნური გათოვლიანებაც, ამ ეტაპზე თოვლის პრობლემა ზამთრის კურორტებს არ ექნება, გარდა ამისა, გუდაურს დაემატა ორი ახალი საბაგირო, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ჩართულია და კარგად მუშაობს.
მთავარი გამოწვევა ჯავშნების ნაკლებობაა, სამწუხაროდ ამ სეზონზე ისრაელელი ტურისტები ვერ ჩამოდიან, ეს კონტინგენტი აქამდე დიდი ჯგუფებით იყო წარმოდგენილი და ზამთრის კურორტებს ავსებდნენ, წელს დავკარგეთ. კვლავ დიდი დანაკლისია უკრაინელების სეგმენტი, რომლებიც ასევე წლების განმავლობაში ფართოდ იყო წარმოდგენილი, ამიტომ სასტუმრო სექტორი ღელავს, თუ რა შეავსებს ამ დანაკლისს.
შეიძლება თბილისიდან იყოს დამსვენებლები, თუმცა ეს პროცესში გამოჩნდება, ამ ეტაპზე ჯავშნების რაოდენობა მოიკოჭლებს, საახალწლო ჯავშნები ამ დროს გადატვირთული იყო და თებერვალიც კი განსაზღვრული იყო.“ – აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.
რაც შეეხება გამოწვევებს, სალუქვაძე აღნიშნავს, რომ გონდოლამდე მიმავალი მთავარი გზა კვლავ მოუწესრიგებელი რჩება, მისივე თქმით, ეს საკითხი ვიცე-პრემიერთან უკვე დააყენეს და პრობლემის მოგვარების პირობაც მიიღეს, თუმცა გეგა სალუქვაძე აქვე აღნიშნავს, რომ როგორც აღმოჩნდა აღნიშნული გზა არ არის სახელმწიფოს საკუთრებაში და კომპანია „რედკოს“ საკუთრებაა, შესაბამისად მას ხელისუფლება ვერ ეხება და არც კომპანია „რედკო“ აკეთებს რამეს.
„ამ გზაზე უნდა გაიაროს მთელმა ტურისტულმა და სპორტულმა ნაკადებმა, რომლებიც 3-4 თებერვალს, სნოუბორდის თასის ეტაპზე ჩამოვა და ამ გზის ასეთ მდგომარეობაში დახვედრება არის სირცხვილი და თავის მოჭრა. როგორც ვერ დაარეგულირა ხელისუფლებამ კერძო კომპანიასთან ურთიერთობა და რატომ აღმოჩნდა კერძო კომპანიის მფლობელობაში ეს გზა და რატომ ულახავს ეს ერთი კომპანია მთელ კურორტს რეპუტაციას წარმოუდგენელია.
პოზიტიური ამბავი არის ის, რომ გუდაურში დამატებულია ტექნიკა, აღნიშნულ შეჯიბრებებთან დაკავშირებით მთის რესურსების სააგენტოს აქვს კიდევ დამატებითი ტექნიკა შეძენილი, რომელიც შემდეგ კურორტს დარჩება.
ვიცე-პრემიერი ასევე დაგვპირდა იმასაც, რომ უკანონოდ ჩადგმულ ჯიხურებს და სავაჭრო ობიექტებსაც მიხედავს, რომელიც პირდაპირ ტრასებზე დგას და კურორტს აფუჭებს.“ – აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.
სალუქვაძე ასევე აღნიშნავს, რომ მოუწესრიგებელი გზების გამო წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში გუდაურში საცობების პრობლემა იქნება, ასევე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ქაოსურად მოძრავი „ბურანებიც“ და ტაქსებიც, რომლებიც ყველგან არიან განლაგებულები და მოსახლეობას გამონაბოლქვით და ხმაურით აწუხებენ.
„ახლა ისეთი თოვლია, მეეჭვება, ვინმემ ასფალტის დაგება დაიწყოს, ეს უნდა გაკეთებულიყო მანამ, სანამ თოვლი მოვიდოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაპირებების პაკეტიდან ერთი უკვე შეუსრულებელია.
პრობლემად რჩება „ბურანების“ გადაადგილება, რომელიც საფრთხეს უქმნის ტურისტებს, სანამ რამე არ მოხდება და ვინმე ბავშვს არ მოკლავს, იქამდე არავინ არაფერს იზამს. ასევე პრობლემა არის უამრავი ტაქსი, რომლებიც ყველა აპარტოტელთან დგანან, მთელი ღამე ძრავი და მუსიკები აქვთ ჩართული, აწუხებენ მოსახლეობას გამონაბოლქვით და ა.შ. ეს ტერიტორიებიც „რედკოს“ საკუთრება აღმოჩნდა და ვნახოთ ეს ნაწილი იქნება თუ არა დაპირებებში გათვალისწინებული.
ძალიან უცნაური სიტუაციაა, ერთი მხრივ ხელისუფლება უზარმაზარ შრომას სწევს, რომ ეს ყველაფერი მაღალ დონეზე იყოს და მეორეს მხრივ ელემენტარული რაღაცების მოწესრიგებას ვერ ახერხებს.“ – აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.