„თბილისი ცენტრალის“ უკანა მხარეს ავედი. ბაქანს გავცდი, ლიანდაგებს გავუყევი და ნაძვებში შევედი. ბინდდებოდა, როცა უცხო კაცების ჯგუფი შევნიშნე, ჩემკენ მოდიოდნენ. ჩქარ-ჩქარა გადავყლაპე საცხობში ნაყიდი ხაჭაპური, მათთან მივედი და სიგარეტი ვთხოვე. ასე გავიცანი „ძევკები“.
მეორე დღეს მათთან ისევ დავბრუნდი. ზოგი ლუდს სვამდა, ზოგი ეწეოდა, ზოგს იქვე ჰქონდა სექსი. კლიენტებიც იქ მოდიოდნენ. ჩვენ მათ „ვალიკებს“ ვეძახდით. მე ყველაზე პატარა ვიყავი და ჩემთან დალაპარაკებას ყველა ცდილობდა. ეს მომწონდა. წარმოვიდგინე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი მქონდა.
ერთმა კაცმა მითხრა, ამაღამ ჩემთან წამოდიო. მომეწონა და წავყევი.
მთელი ღამე თბილად მექცეოდა. თითქოს კიდეც ვუყვარდი. მაგრამ გამთენიისას უხეშად შენჯღრევამ გამაღვიძა – დროზე ადექი და წადი, არ მინდა მეზობლებმა დაგინახონო. ჩემი ბინძური ტანსაცმლის ჩაცმა რომ დავიწყე, კარადა გამოაღო და სპორტულები მომაწოდა, ჩემი შვილისაა, მაინც აღარ იცვამს და აიღეო. სასწრაფოდ გამომაგდო და მომაძახა, სადმე რომ გადამეყარო ქუჩაში, არ გამომეცნაურო, თორემ ღორივით დაგკლავო.
თენდებოდა. ქუჩაში მოვხეტიალობდი და ვფიქრობდი. მერე ისევ ვაგზალზე მივედი, ჩემს „ტაჩკას“ ხელი მოვკიდე და მუშაობა დავიწყე. 14 წლის ვიყავი.
„ერთ ჯიბეში დედაჩემის ფოტო მედო. მეორეში – „ბრიტვა“. აღმაშენებლის ქუჩა სავსე იყო ბედნიერი ტურისტებით, ყველაფერი კაშკაშებდა. მე კი ისეთი გათიშული ვიყავი, რომ მათი ბედნიერებაც აღარ მშურდა. მეგონა, ტვინში ლურსმანი ჩამაჭედეს. დაღლილი ვიყავი და იქვე ტროტუარზე დავწექი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ლეში ვარ“
სახლიდან რომ წამოვედი, „მეტაჩკედ“ მოვეწყვე, ვაგზალზე. სხვის ბარგს დავათრევდი და დღეში 15-18 ლარს ვშოულობდი. ეს სიგარეტის და საჭმლის ფულია. ძალიან იშვიათად, დღიური ბინის ქირისაც. ერთხელ 20-ლარიანი ჩინური კედებიც ვიყიდე. ისე მიხაროდა!
მაგრამ ამ ფულით ვერც მკერდის ოპერაციას გავიკეთებდი და ვერც ვერაფერი, პარიკიც კი არ მომდიოდა. ისევ ბიჭივით მეცვა. ვფიქრობდი, თუ მაინც ბიჭი უნდა ვყოფილიყო, მაშინ რატომ წამოვედი სახლიდან? რატომ ვეჩხუბე დედას? რა მინდოდა ქუჩაში, ამ სიბინძურეში? ხმა რომ ამომეღო და ჩემთვის ოდნავ ქალური ნიშანი შეემჩნიათ, იმ „ტაჩკას“ თავზე გადამაღუნავდნენ – ვაგზალზე მუშაობას და მოქცევას თავისი წესები აქვს.
ზაფხულში, „სოკოს ბაღში“ მეძინა, თამარ მეფის გამზირის კვეთაზე.
ზამთარში, სადგურზე. იქ დიდი ვენტილატორებიდან სითბო ამოდიოდა. ზემოდან ვწვებოდი და ვიძინებდი. მანდ – თბილოდა.