დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს
ამერიკისა და საქართველოს ინტერესების თანხვედრის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა. როგორც მან განაცხადა, ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც, ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს.
სოზარ სუბარმა შტატებთან საერთო ინტერესებზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო შემდეგი მიმართულებები: საქართველოზე შეწყდება რუსეთთან ომში ჩარევაზე ზეწოლა; არავინ მოითხოვს კანონის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ გაუქმებას; მოიხსნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით თემის გადახედვის აუცილებლობა.
„დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდება ზეწოლა ჩვენზე, რომ ჩავერთოთ რუსეთის წინააღმდეგ ომში და ეს არის ძალიან კარგი.
ასევე, შეწყდება ზეწოლა, რომ გავაუქმოთ კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და ესეც ძალიან კარგია. ევროპიდან ალბათ ჯერ კიდევ გაგრძელდება ზეწოლა, რომ გავაუქმოთ ეს კანონი, მაგრამ აშშ-დან ზეწოლის შეწყვეტა ევროპიდან ზეწოლასაც მკვეთრად შეასუსტებს.
ასევე თანხვედრა გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად საქართველოში USAID-ის, NED-ის, სოროსის და ზოგიერთი სხვა ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ გაგრძელდება ისეთი ანტისახელმწიფოებრივი პროექტების დაფინანსება, სადაც ახალგაზრდებს ამერიკული ფულით უტარებენ ტრენინგებს, როგორ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორ გადაწვან პარლამენტი, როგორ ებრძოლონ ტრადიციებს, ეკლესიას… და თუ არ შეწყდება, მინიმუმ შემცირდება ასეთი დაფინანსებები და ესეც ძალიან კარგია,” – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
სოზარ სუბარმა იმაზეც ისაუბრა, რომ არსებობს თემები, მაგალითად ირანი, რომლის ირგვლივაც შესაძლოა ორი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ დაემთხვეს. „ბუნებრივია, არის თემები, სადაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. მაგალითად, წინასწარ ვერავინ იტყვის, რომ როგორ განვითარდება აშშ-ის და ირანის ურთიერთობები, მაგრამ ეს ის სფეროა, სადაც ჩვენი ინტერესები შეიძლება სერიოზულად ასცდეს ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ირანი ათასწლეულებია ჩვენი მეზობელია და მომავალშიც ჩვენი მეზობელი იქნება. ცხადია, ისტორიულად ჩვენი ურთიერთობები არ იყო ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღეს ირანი არის 80-მილიონიანი ქვეყანა, უძველესი და უნიკალური კულტურით, სერიოზული ეკონომიკური პოტენციალით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ მის მიმართ გლობალური მოთამაშეები. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს ინტერესი – მაშინაც, როცა ეს ინტერესები არ ემთხვევა ჩვენი დიდი პარტნიორების ინტერესებს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.