საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და პოლიტიკოს გიორგი გახარიაზე თავდასხმის შემდეგ აცხადებს, რომ პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს.
„სევდიანი დღეა საქართველოში“, – წერს ელჩი ფიშერი 15 იანვარს პლატფორმა X-ზე და აცხადებს:
„გასულ კვირას, შობის დღესასწაულზე, ახალ წელსა და დროშის დღეს ყველა საუბრობდა სიყვარულზე, მშვიდობასა და ერთიანობაზე. და, მაინც, პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იზრდება“.
პიტერ ფიშერის განცხადებით, ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირს. „არ არის აუცილებელი, ეს ასე იყოს. ასე არ უნდა იყოს“, – წერს ის.
14 იანვარს, გვიან ღამით, თვითმხილველების თქმით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას.
ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა კოლეგის, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ექმურეა.
გახარიამ ბათუმში ამაღლობელს გამოუცხადა მხარდაჭერა. ის ასევე იმყოფებოდა პარტიის, „საქართველოსთვის“, ახალგაზრდული ფრთის დაკავებული წევრების მხარდასაჭერად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა.
„საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება, დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პრაქტიკული უგულებელყოფა, კი ახალისებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საია-ს განცხადებით, ამის მიუხედავად ორგანიზაცია კვლავ მოუწოდებს:
· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – „აწარმოოს სწორი კვალიფიკაციით მიმდინარე ეფექტიანი გამოძიება“.
· საქართველოს პროკურატურას – „სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელოს ქმედითი საპროცესო ზედამხედველობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა“.