ზურაბ გურული: ასე რომ, შეგიძლიათ დაახლოებით წარმოიდგინოთ “ოცნების” 20 იანვრის შემდგომი ამერიკული პერსპექტივები

“რა არის კლასიკური ამერიკული “დიფ სთეითი” და რას ცრუობენ ფსბ-ს დივერსანტ-პროპაგანდისტები მის შესახებ
—————–
ალბათ არაერთხელ გსმენიათ რეიგანის ხუმრობები ამერიკის მთავრობაზე. ბევრს ხუმრობენ მთავრობაზე თავად ამერიკელებიც. ბუნებრივია. ამერიკული თავისუფალი ბაზარის დოქტრინა და ზოგადად, წარმატებული კაპიტალიზმი ხომ სახელმწიფო სტრუქტურებისაგან მაქსიმალურ დამოუკიდებლობას გულისხმობს. სახელმწიფო ბიუროკრატია ყოველთვის და ყველგან მოუქნელი და არაეფექტურია; ამიტომ, გამჭრიახი და წარმატებული პოლიტიკოსები ყოველთვის ცდილობენ სახელმწიფოს როლის მაქსიმალურად შემცირებას ყველა სფეროში და ადმინისტრაციული თუ ეკონომიკური საკითხების მაქსიმალურ დელეგირებას ბიუროკრატიული სტრუქტურების მიღმა.
ამერიკის დემოკრატიული პარტია განსაკუთრებით გამოირჩევა გაბერილი სახელმწიფო აპარატით. მოგეხსენებათ, რაც უფრო სოციალისტურია მთავრობა, მით უფრო ბიუროკრატიული და მოუქნელია. ჰიპერტროფირებული სახელმწიფო სტრუქტურები ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენენ კორუპციისათვის.
ამერიკული “დიფ სთეითი” წარმოადგენს დოქტრინას, რომელიც სწორედ გაბერილ, მოუქნელ, ბიუროკრატიულ სახელმწიფო აპარატს უჭერს მხარს, რადგან ასეთი აპარატი კორუმპირებულ ინდივიდთა ხელის მოთბობის და სახელმწიფოს ძარცვის პროცესს აადვილებს. ასეთი ინდივიდები პოლიტიკურ ლობირებას უწევენ დიდ კორპორაციებს, ოლიგარქებს, უცხოური სახელმწიფოების ბიზნეს-ინტერესებს და სანაცვლოდ უხვად იღებენ ქრთამს. “დიფ სთეითის” მომხრეები უაზროდ ზრდიან გადასახადებს; ქმნიან ასობით პოპულისტურ სოციალურ პროგრამას, რომლებიც “თევზის დაჭერის სწავლების” ნაცვლად “გამზადებულ თევზს” უდებენ პირში მოსახლეობას.
გარდა ამისა, პოპულისტურ-პოლიტიკური გამორჩენისათვის ზოგჯერ ახორციელებენ სხვადასხვა “ენჯეობის” პროპაგანდისტულ მოთხოვნებსაც; მაგალითად, აწესებენ გენდერულ, რასობრივ, სხვადასხვა სახის უმცირესობათა კვოტებს და ა.შ.
ეს ყველაფერი არღვევს კაპიტალიზმის მთავარ პრინციპს, თანამდებობებზე დანიშნული იქნენ პროფესიულად ყველაზე კვალიფიცირებული პირები და არა კვოტებით გათვალისწინებული ინდივიდები.
მაგალითისათვის გავიხსენოთ საბჭოთა განათლების სისტემაში არსებული ე.წ. “ლიმიტები”, რომელთა მეშვეობითაც უმაღლეს სასწავლებლებში განსაკუთრებული აკადემიური შეღავათებით ირიცხებოდნენ მუშები, კოლმეურნეები, მწყემსები თუ ტრაქტორისტები. სამაგიეროდ, იჩაგრებოდნენ ბევრად აღმატებული აკადემიური მოსწრების ინდივიდები, რომლებსაც ეს ლიმიტები არ გააჩნდათ ობიექტური მიზეზების გამო.
“დიფ-სთეითის” პირდაპირი თარგმანი “ღრმა სახელმწიფოა”, რაშიც იგულისხმება ჰიპერტროფირებული, ხელოვნურად გაბერილი ბიუროკრატიული სისტემა და ასეთი სისტემის მომხრეები.
სწორედ ამ პათოლოგიურ დოქტრინას გამოუცხადა ბრძოლა პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ. მათი ამოცანაა, მაქსიმალურად მოქნილი, ეფექტური და კომპაქტური გახადონ სახელმწიფო აპარატი და აღკვეთონ კორუმპირებული “ჩინოვნიკების” პარპაში.
“ქართული ოცნება” წარმოადგენს ამერიკული “დიფ-სთეითის” კლასიკურ მაგალითს უკიდურესად გაბერილი სახელმწიფო აპარატით, კორუმპირებული “აპარატჩიკებით”, ე.წ. “ატკატებით”, გაყიდული ტენდერებით და სახელმწიფოს უკონტროლო ძარცვით. “დიფ სთეითი” არის სწორედ სახელმწიფოს სოციალისტურ-კომუნისტური მოდელი, ამიტომაც სარგებლობს პოპულარობით საბჭოთა პერიოდის პოლიტიკანებსა თუ საქმოსნებში.
ახლა გაიაზრეთ ზემოთქმული და დაფიქრდით, რა დონის აბსურდია “ქართული ოცნების” ე.წ. დაპირისპირება ამერიკულ “დიფ სთეითთან” და ვითომ-მოკავშირეობა ტრამპის დოქტრინასთან. “ოცნება” თავად არის “დიფ სთეითის” გახრწნილი, პარა-კრიმინალური ვერსია და ეს ძალიან კარგად იციან ამერიკელმა რესპუბლიკელებმა.
ასე რომ, შეგიძლიათ დაახლოებით წარმოიდგინოთ “ოცნების” 20 იანვრის შემდგომი ამერიკული პერსპექტივები,” –  წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .