„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატმა პაატა დიასამიძემ სასამართლოს მიმართა, რომ ამაღლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათას ლარიანი გირაო გამოიყენოს.
„მისი [მზია ამაღლობელის] უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 137 600 ლარის ოდენობითაა, ჩვენ კი გთავაზობთ 100 000 ლარს, ამ უძრავი ქონების სახით, რათა გირაოს უზრუნველყოფა მოხდეს. უძრავი ქონება არის მტკიცებულება. ის აცნობიერებს რისკებს“,- განაცხადა ადვოკატმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს. სასამართლო ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.