გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს დილით კიევში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ მოგზაურობით ვაჩვენო, რომ ვაგრძელებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას. ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანია, როგორც ნატო-ს წევრი უდიდესი ქვეყანა ევროპაში, უკრაინის მხარეს დგას და არა მარტო, არამედ ხუთ ქვეყანასთან და ბევრ სხვა მოკავშირესთან ერთად“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
ბორის პისტორიუსმა გუშინ ვარშავაში პოლონელ, ფრანგ, იტალიელ და ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრაზე კიევისთვის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილა. გერმანია ოთხ ევროპელ პარტნიორთან ერთად უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაზრდას გეგმავს.
„თუ იქნება ფული, თუ იქნება იარაღის წარმოების შესაძლებლობა, მაშინ უკრაინა თავად შეძლებს თავის ჯარებს საბრძოლო მასალები და იარაღი ყველაზე სწრაფად მიაწოდოს“, – განაცხადა პისტორიუსმა ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე.