ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ – ლანდსბერგისი პაპუაშვილის ნათქვამზე

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც წინა დღეს განაცხადა, რომ „საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია“.
„მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს ასეთი რაღაცებში გამარჯვების ისტორია აქვთ“, – დაწერა ლანდსბერგისმა 13 იანვარს პლატფორმა X-ზე.
წინა საღამოს შალვა პაპუაშვილმა, – „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, – თბილისში, რესტორან „ბაბილოში“, მოსამართლეების კორპორაციული წვეულების პარალელურად ფეისბუკზე დაწერა:
„ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა“.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერის, ყოფილი პარლამენტარის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადებით საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც „ოკუპანტისა“.
კანდელაკის თქმით, ოკუპანტებისთვის საჭმელში ჩაფურთხება გავრცელებული პრაქტიკა იყო არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ ესტონეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში.
„აქ აღსანიშნავი ისაა, რომ ბიძინას ეს კლოუნი სრულიად სწორედ აიდენტიფიცირებს თავს ოკუპანტებთან. თან ამას სწორედ 13 იანვარს აკეთებს – ამ დღეს, 1991 წელს საბჭოთა ჯარებმა სისლის კალო რომ დაატრიალეს ვილნიუსში და გოგოები ტანკებით გაჭყლიტეს“, – წერს კანდელაკი ფეისბუკზე.
12 იანვარს, როდესაც თბილისში, რესტორან „ბაბილოში“, მოსამართლეების კორპორაციული წვეულება, პარალელურად კი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, სოციალურ ქსელებში გაისმა მოწოდებები, რესტორანში დასაქმებულებს კერძებში ჩაეფურთხებინათ.
ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა დაწერა: „მინიმუმ 3 ადამიანი ვიცი, ვინც დღეს მოსამართლეების სუფრას უნდა მოემსახუროს. სამივესგან ვიცი, რომ უკლებლივ ყველა კერძში ჩააფურთხებენ“.
რესტორანში შესასვლელად მოსამართლეებს ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების მოსმენა მოუწიათ. აქციის მონაწილეებმა მოსამართლეებს ესროლეს კვერცხები.
დღის განმავლობაში, – გვიან საღამომდე, – ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მობილიზებული იყო საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობა. რესტორანთან მიიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
დღის ბოლოს მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.
პოლიციამ აქციაზე ცხრა ადამიანი დააკავა, – პოლიციის ცნობით, ყველა მათგანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
წუხანდელი პროტესტი ნაწილი იყო მასობრივი, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციებისა, რაც მოჰყვა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკების საკითხი.
ამ განცხადებამ გაამწვავა პროტესტი, რაც მოჰყვა 2024 წლის საპარლამენტო ს შედეგების გამოცხადებას, – არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მეხუთე პრეზიდენტი და კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
დემონსტრაციები 47-ე დღეა, გრძელდება.