ადვოკატის განცხადებით, თბილისში, 11 იანვრის აქციაზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი, ამ ეტაპზე, არის უკეთ და იმყოფება “ალადაშვილის კლინიკაში”, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ამის შესახებ ადვოკატი ილონა დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გია ჯვარშეიშვილის დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
“გიას ინფორმაციით, დაკავების წუთიდან ჩვენთან შეხვედრამდე მას პოლიცია აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც როცა გია ვნახეთ, იყო ძალიან აღელვებული (მცირე ხნით გავესაუბრე, ამიტომ სრულად თვითონ მოგვიყვება); დაკავებიდან მალევე სასწრაფო დახმარების ექიმების გადაწყვეტილებით გადაიყვანეს კლინიკაში; კლინიკაში გადაყვანის წუთიდან ათამდე პოლიციელი იმყოფებოდა კლინიკაში, რაც რასაკვირველია გიას მდგომარეობაზე ცუდად აისახებოდა, იყო აღელვებული; ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პოლიცია გიას არ ათავისუფლებს ე.წ ხელწერილის საფუძველზე და არც იმას გვისაბუთებს რა არის დაკავების საჭიროება; დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მარჯვენა ხელზე არ მოხსნეს ხელბორკილი, გვეუბნებოდნენ რომ თუ კი ექიმი ეტყოდა, მხოლოდ მაშინ მოხსნიდნენ; რამდენიმე წუთით მომეცა გიასთან საუბრის უფლება, პოლიციამ არ მომცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა; დილამდე გია დარჩება საავადმყოფოში, შემდგომ უკვე ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით, გამოწერენ და გადაიყვანენ წინასწარი დაკავების იზოლატორში ან სასამართლოში/ ან მკურნალობას გააგრძელებს კლინიკაში. სტანდარტულად, პოლიცია გიას ედავება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს. ჩვენთან საუბრისას პოლიციელს “წამოსცდა” რომ აპირებენ გიას 48 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვებას, როცა ჩავეკითხეთ რატომ? თავი გაიმართლა მაქსიმუმი გითხარითო”, – წერს ადვოკატი.