საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ასევე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზეც გააკეთა განმარტება. როგორც ჯაჭვაძემ აღნიშნა, საქმის მოცულობის გამო, საგამოძიებო ვადის გაგრძელება არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები და გვარები არაფერ შუაშია. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 1000, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდნენ, ადვოკატების ნაწილი კი გირაოს ოდენობის განსაზღვრას სასამართლოს ანდობდა.

პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა. პროკურორები განმარტავდნენ, რომ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, რისთვისაც ბრალდებულებს თავისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლოა, ხელი შეუშალათ.

სხდომას ყველა ბრალდებული ესწრებოდა. ნაწილმა მათგანმა სიტყვითაც ისარგებლა. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს დააბრალეს ყველაფერი რის დაბრალებაც მოაფიქრდა ყველა დამსწრეს, სალომედან დაწყებული ლორა თორტონით დამთავრებული, რა თქმა უნდა, არცერთი კონკრეტული ფაქტი მაგიდაზე არ დაუდიათ, მთავარი ხომ აღქმებია!