პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული რევაზ კიკნაძე თავს უსამართლოდ დაკავებულად მიიჩნევს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მან უთხრა, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა მისი და კიდევ 10 ბრალდებულის საქმე განიხილება – მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მათ პატიმრობაში დატოვებს თუ შეუცვლის აღკვეთის ღონისძიებას.
პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე:
„მიმალვის საფრთხეო! რას უნდა დავემალო?! – მაგასაც ვერ ვხვდები. მინდა ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს… შესაძლებლობა რომ მქონდეს, აქედან რომ გავიდოდი, ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი, ყველა ადამიანს გავაჩერებდი და ვეტყოდი, აი, აი, მე ვარ…
ჯგუფური ძალადობაო! – ვერ ვხვდები ან ჯგუფური რას ნიშნავს, ან ძალადობა ამ ბრალდებაში. არც ჯგუფურში მიმიღია მონაწილეობა და არც ძალადობაში… ეს კარგი და პატრიოტი ადამიანები პირველად სასამართლოზე ვნახე, შეხებაც არ მქონია – 50 დაჭერილიდან არცერთთან მიმოწერაც არ მაქვს, ზარიც არ მქონია…
შეზღუდვებს რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ. უსამართლოდ ვარ გამოკეტილი, რატომ უნდა ვიხადო? მაგრამ იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, 2000 ლარს მაქსიმუმ გადავიხდი. ასევე სხვა ადგილებში მისვლასთან დაკავშირებით – ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი, რუსთაველის გამზირზე მისვლას“, – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.
დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება – მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს მათ პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. მათი საქმის არსებითი განხილვის დაწყება, პროკურატურის შუამდგომლობით, 5 მარტამდე გადაიდო.
უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი – 44. აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.
ფორუმი