ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის, რობერტ ლუნას განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება და დაღუპულთა რაოდენობა “აბსოლუტურად შეიცვლება“. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იტონის ხანძრის შედეგად 4 000-5 000 ნაგებობა განადგურდა, პალისადის ხანძარმა კი – 5 300-ზე მეტი შენობა-ნაგებობა გაანადგურა.
Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.
მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან, რომელსაც კენეტის ხანძარი უწოდეს. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კენეტის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით 900 მეხანძრე განალაგეს.
ლოს-ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალაქის ვუდლენდ ჰილსის რაიონში ხანძრის განზრახ გაჩენის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძარი კიდევ უფრო გააძლიეროს.