ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი ნაგებობა განადგურდა, ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი ნაგებობა განადგურდა, მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტყის ხანძრების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. სამი ცხედარი იტონის ხანძრის სიახლოვეს იპოვეს, კიდევ ორი ადამიანი კი პალისადის ხანძრის შედეგად დაიღუპა. ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის, რობერტ ლუნას განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება და დაღუპულთა რაოდენობა “აბსოლუტურად შეიცვლება“. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იტონის ხანძრის შედეგად 4 000-5 000 ნაგებობა განადგურდა, პალისადის ხანძარმა კი – 5 300-ზე მეტი შენობა-ნაგებობა გაანადგურა.
Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.
მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან, რომელსაც კენეტის ხანძარი უწოდეს. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კენეტის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით 900 მეხანძრე განალაგეს.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძარი კიდევ უფრო გააძლიეროს.
პოლიციამ ლოს-ანჯელესის ოლქში, ძარცვის წინააღმდეგ საბრძოლველად, კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომელიც ძალაში იქნება ხუთშაბათს საღამოს 6 საათიდან პარასკევის დილის 6 საათამდე. სამართალდამცავებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ მიტოვებული სახლების გაძარცვის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?