„ქართული ოცნება“ არ არის ადეკვატური, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას – ეს არის პროპაგანდისტული მცდელობა, რომ იმ პრობლემებიდან, რომელიც რეალურად უდგას „ქართულ ოცნებას“, ყურადღება გადაიტანოს სხვა მიმართულებით, – ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზვიად ძიძიგური საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“.
როგორც ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, დღევანდელი რეჟიმი მუდმივად ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი და ახლა ცდილობენ, რომ აღნიშნული განცხადებით თავიანთი დღის წესრიგის შექმნა დაიწყონ.
„ქართული ოცნება“ არ არის ადეკვატური, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. 13 წლის შემდეგ ამ თემაზე საუბარი მაშინ, როდესაც ასეთი ამბავი ხდება ქუჩაში, ასეთი ამბავი ხდება საერთაშორისო მიმართულებით, როცა ხელისუფლება არის ძალიან სერიოზულ კრიზისში, ყურადღების ამ თემებზე გადატანა არის პროპაგანდისტული მცდელობა, რომ იმ პრობლემებიდან, რომელიც რეალურად უდგას „ქართულ ოცნებას“ ყურადღება გადაიტანოს სხვა მიმართულებით.
დღევანდელი რეჟიმი მუდმივად ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი და თავდაცვის მდგომარეობაში არიან. მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ და გვიჩვენებენ, რომ ძალიან მაგარი პოზიციები აქვთ, ძალიან მძიმე დღეში არიან. გადაწყვიტეს თავიანთი დღის წესრიგის შექმნა დაიწყონ და რა უნდა დაიწყონ? – ისევ „ნაციონალები“ და ბიძინა, 13 წელია აგრძელებენ ამ თემას. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. სააკაშვილი ციხეში გიზის, მერაბიშვილი იჯდა, ახალაია იჯდა, კიდევ ბევრი ადამიანი დაპატიმრებულია და ახლა რომ კიდე თავიდან იწყებ ამ თემას, ფაქტია უსუსურ მდგომარეობაში ხარ. [„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა] არ მოხდება და ვერ მოხდება. თუ რამე გასაკეთებელი იყო, აქამდე უნდა გაკეთებულიყო“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგურის თქმით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას თავის ამომრჩეველს ელაპარაკება, რადგან ეს მათ ამომრჩეველზე მუშაობს.
„არჩევნებზე მესამე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობა“, მეხუთეზეც რომ გასულიყო მაინც ამას გააკეთებდნენ იმიტომ, რომ ეს თემა კარგად აქვთ ათვისებული და იციან, რომ „ნაციონალების უარყოფით კონტექსტში ხსენება, მათ ამომრჩეველზე მუშაობს. ესენი ახლა მხოლოდ თავის ამომრჩეველს ელაპარაკებიან. ეს თემები საპროტესტოდ გამოსული ადამიანების არც გულს და არც არანაირი ტიპის ემოციას არ აღძრავს. იციან, რომ ბლეფია და არაფერს არ წარმოადგენს. ისინი ელაპარაკებიან მხოლოდ თავიანთ მხარდამჭერებს. თავიანთ მხარდამჭერებთან მათ სულ უფრო ურთულდებათ საუბარი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.