ქადაგიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ფრანგული Societe Generale საქართველოდან გასულიყო – ლაშა პაპაშვილი (bm.ge)

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ფრანგული Societe Generale-ის საქართველოს ბაზრიდან გასვლაში ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ადანაშაულებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი და სანქციები ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი რისკის და პრობლემების წინაშე აყენებს, თუმცა ბიზნესმენს გამოსავლის გზად არა – ახალი , არამედ საპროტესტო აქციების შეწყვეტა და ოპოზიციის მიერ პარლამენტში მუშაობის გაგრძელება მიაჩნია.
– 12 წელია ვუყურებ და [საქართველომ] კი არ გადაუხვია, არამედ აბსოლუტურად ევროპისკენ წავიდა… ყველა ზღვარი გადალახეთ მადლიერების, საქმიანი მიდგომის, ადამიანობის. ასე არ შეიძლება. ხომ დაწყნარდა ქვეყანა?! ხომ მშვიდობა გვაქვს?! ბიზნესი ხომ გათავისუფლდა ან ის ადამიანები, აქ [BMG] რომ მოდიან… პერსონალიებზე არ მინდოდა საუბარი, მაგრამ როგორ შეიძლება, გიორგი ქადაგიძე აქ მოვიდეს და ბიზნესზე რამე ილაპარაკოს?! შეიძლება ეს?! მე მასწავლით თქვენ ევროპას?! 2006 წელს საქმით გავაკეთე – ევროპული საბანკო სექტორის გიგანტი Societe Generale-ი საქართველოში შემოვიყვანე და გიორგი ქადაგიძემ გააკეთა ყველაფერი, რომ ის გასულიყო ქვეყნიდან. 2009 წელს დაინიშნა და პირველი რაც გააკეთა, ნახევარი მილიონით დააჯარიმა [ბანკი]. და ევროპაში წამიყვანს მე ქადაგიძე?!

– დაუმსახურებლად დააჯარიმა?

– არა… საბანკო სექტორის ხალხს ჰკითხეთ გიორგი ქადაგიძის ქმედებები. მე არ მინდა, რაც ყველამ იცის, იმ თემებზე ვისაუბრო – [მაგალითად] „ქართუ ბანკის“ თემა… [ქადაგიძე] ყველანაირად ხელს მიშლიდა…. ჰკითხეთ სხვა ბანკებსაც. თქვან, ვერ ამბობენ, მაგრამ უნდა თქვან. ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება გამოვიდნენ და ილაპარაკონ… გიორგი ქადაგიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ Societe Generale-ი საქართველოდან გაეყვანა და მე წამიყვანს ევროპაში?!

– რატომ აიჩემეთ გიორგი ქადაგიძე? პოლიტიკური პროცესების გამოკვეთილი ლიდერი ის არ არის…

– როგორ არაა ლიდერი?! თავში ზის ეგ და ნიკა გილაური. გილაური მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ყველაფერი გააკეთეს, რომ Societe Generale-ი საქართველოდან გაეყვანათ, რომელიც ჩემი სისხლის ფასად შემოვიყვანე ქვეყანაში…

– BMG მზადაა, სურვილის შემთხვევაში, ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ დეტალურად. გიორგი ქადაგიძესაც მოვიწვევთ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლაშა პაპაშვილმა საქართველოს საფინანსო ბაზრიდან Societe Generale-ის გასვლაში მთავრობის წვლილზე ისაუბრა.

ცნობისთვის: ფრანგულმა Societe Generale-მა ქართული „ბანკ რესპუბლიკას“ 60% შეიძინა 2006 წელს. „Société Générale-ის ინვესტიცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ენდობიან“, – აცხადებდა მაშინ პრეზიდენტი . 2016 წელს კი, TBC Group-მა ბანკ „რესპუბლიკას“ 93,64% 315 მლნ ლარად (103 მლნ გირვანქა სტერლინგი) შეისყიდა. გარიგების შედეგად, Societe Generale-ი ბანკის აქციების 5,61%-ის მფლობელი გახდა, რომელიც Societe Generale-მა 42,8 მლნ გირვანქა სტერლინგად დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გაყიდა, რითაც საქართველოდან საბოლოოდ გავიდა.
bm.ge