დიდ გაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა, სავარაუდოდ, სამშენებლო სექტორს არ შეეხება – კალაძის ინიციატივა

გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც, სამუშაო დღეებში 8:00-დან 11:00-მდე და 17:00-დან 20:00-მდე დიდ გაბარიტებიანი, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავს.
ამ საკითხზე დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, მ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტი დედაქალაქში საცობების განტვირთვას ემსახურება. ამასთან ერთად, მერმა ვიცე-მერს გარკვეული რეგულაციების შემუშავება დაავალა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორს შეზღუდვისგან ათავისუფლებს.
“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს აღნიშნული შეზღუდვა, არის სამშენებლო სექტორი. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სამშენებლო სექტორის როლი დღევანდელ ეკონომიკაში, ამიტომ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეფერხება, რომელიც არსებითად დააზიანებს თავად ბიზნესსა და მოსახლეობას, პოტენციური მყიდველების სახით.
ამიტომ მინდა ვიცე-მერს დავავალო, დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებსაც საკრებულოში წარვადგენთ და განვიხილავთ დეტალურად, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით”, – აცხადებს კახა კალაძე.