„თბილისი-ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, „საახალწლო სოფელი“ კი 16 დეკემბრიდან გაიხსნება

„თბილისი – ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ.
„თბილისი-ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება. 20:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ყველას გვექნება შესაძლებლობა, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.
„16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს „საახალწლო სოფელი“. სოფელი განთავსდება ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები. ამავე პერიოდში, „საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ. „საახალწლო სოფელში“ დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს. მთლიანობაში, 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება. გიწვევთ ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით 15 და 16 დეკემბერს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე, „საახალწლო სოფლის“ გახსნაზე. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ძალიან ლამაზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო