„კარგი წელი იყო, განსაკუთრებით ბოლო წარმოდგენამ თითქმის სრული ანშლაგით ჩაიარა“ – თბილისი ცირკი 2023 წელს აჯამებს

თბილისის ცირკი საინტერესო საახალწლო სეზონისთვის ემზადება. მიმდინარე წელს ცირკმა ორი სეზონი უკვე ჩაატარა, რომლებმაც თითქმის სრული ანშლაგით ჩაიარეს.
როგორი იყო მიმდინარე სეზონი და რამდენად დიდია საცირკო წარმოდგენებით დაინტერესება, ამ და სხვა თემებზე „კომერსანტი“ თბილისის ცირკის წარმომადგენელს ესაუბრა.
„ხალხს ძალიან მოსწონს ჩვენი სანახაობები და ცირკშიც სამივე სეზონზე აქტიურად დადის. ხალხი მოდის და აფასებს თუ როგორ განვვითარდით, ყველა სეზონზე გვეუბნებიან რა მოეწონათ და რისი გამოსწორება უნდათ, სწორედ ამ შეფასებების მიხედვით ვცდილობთ, რომ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ.
ბოლო სეზონს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დადებითი კომენტარები, თითქმის ყველა აღნიშნავდა რომ ასეთი სანახაობა არ ჰქონდათ ნანახი. საახალწლოდაც ძალიან საინტერესო სანახაობას ვპირდებით ჩვენს მაყურებლებს, რომელიც ზღაპრული წარმოდგენა იქნება და მხოლოდ საცირკო ნომრები არ გვექნება.
პირველი წარმოდგენები ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს, შემდეგ უკვე თუ წარმოდგენამ კარგად ჩაიარა, მაყურებელს უკვე სხვა მაყურებელი მოჰყავს.
წლევანდელ წელს შევაფასებდი, როგორც კარგს. კარგი წელი იყო, განსაკუთრებით ბოლო წარმოდგენამ თითქმის სრული ანშლაგით ჩაიარა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ცირკი ყოველწლიურად ვითარდება და უფრო საინტერესო წარმოდგენებს დგამს“, – აცხადებენ თბილისის ცირკში.
თბილისის ცირკში საახალწლო ღონისძიებებზე ბილეთის ღირებულება 15 ლარია.
თბილისის ცირკი 1939 წელს აშენდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.