მექსიკაში საიმიგრაციო აგენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს

მექსიკაში საიმიგრაციო აგენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი მექსიკის უსაფრთხოებისა და საიმიგრაციო სამსახურების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მექსიკის ჩიუაუას შტატის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გარდაცვლილ საიმიგრაციო აგენტს თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორი ვენესუელის, ხოლო ერთი კოლუმბიის მოქალაქეა.
მექსიკის საიმიგრაციო სააგენტო INM-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები აგენტს სიუდად-ხუარესში მდებარე საკონტროლო პუნქტზე დაესხნენ თავს, როდესაც მან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები მოსთხოვა.