ქართული პრესის მიმოხილვა 30.12.2024

ირაკლი მელაშვილი – “ახალი წელი ძველი პრობლემებით ანუ რა მოხდება თებერვალში?!”
გამაფრთხილებელი გასროლა? – ტოვებს თუ არა ივანიშვილის დასანქცირება სივრცეს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის
“ახლა ვინც მოერევა, ის დაადგენს წესებს” – კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე
* * *
ირაკლი მელაშვილი – “ახალი წელი ძველი პრობლემებით ანუ რა მოხდება თებერვალში?!”
“ამერიკელებისთვის ძვირფასია საშობაო დღესასწაულები, რომელსაც ისინი, როგორც წესი, ოჯახში ატარებენ. 26-ში დილით, შობის მეორე დღეს, როდესაც ჯერ უილსონმა, მერე კიდევ რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა გააკეთა ძალიან მძიმე განცხადებები, ეს უკვე დასტური იყო, რომ ეს არ არის ერთი და ორი კაცის პოზიცია, სპონტანური განცხადება. უკვე ჩანდა, რომ შეთანხმებული პოზიცია იყო. ეს მიუთითებს, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაცია არ არის განწყობილი კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან. მე ადრეც ვთქვი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და ტრამპი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, როცა გადაწყვეტილებებს იღებს, ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადამდგმელია, ვიდრე დემოკრატები. დემოკრატიული ადმინისტრაციები შედარებით ადვილად იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს ძალიან მძიმე იქნებოდა საქართველოსთვის. ტრამპი რუსეთთან ურთიერთობაში რაც არ უნდა შეთანხმებაზე იყოს ორიენტირებული, განსაკუთრებული მოთხოვნები ექნებოდა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთსა და ჩინეთთან მუშაობენ. ჩვენ კი არა მარტო რუსეთსა და ჩინეთთან ვიმუშავეთ, ისიც მოვახერხეთ, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი “ჰამასისა” და ტერორისტული ორგანიზაციების მხარეს გამოჩნდა, რაც მიუღებელია ტრამპის ადმინისტრაციისთვის”, – აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახალი წელი ძველი პრობლემებით ანუ რა მოხდება თებერვალში?!”
“ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და შემდეგ თებერვლის ბოლომდე ჩვენთან რაღაც გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული, თუ არადა, ეს რკალი სულ უფრო და უფრო მეტად შემოეჭირება “ოცნების” ე.წ. მთავრობას, რომელსაც არავინ აღიარებს. საინტერესოა ისიც, რომ დოკუმენტებში, რომლებიც საქართველოს შეეხება, ყველგან არის ლაპარაკი “ქართულ ოცნებაზე”, მმართველ პარტიაზე, არაფორმალურ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე და არსად არის ლაპარაკი მთავრობაზე, პარლამენტზე, ოფიციალური სტრუქტურების ხელმძღვანელებს არ მოიხსენიებენ ოფიციალური სტრუქტურების ხელმძღვანელებად. მათ მოიხსენიებენ, როგორც მმართველი პარტიის ლიდერებს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე, აბსოლუტურად მარტო და არა მხოლოდ ს წინაშე… ს შემდგომ, მიუხედავად ყველაფრისა, არც ქართველი და არც საერთაშორისო საზოგადოება არ ხედავდა ისეთ დარღვევებს, რომ აყირავებულიყო ყველაფერი. ყველაფერი აშკარა გახდა, როდესაც ივანიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს გააკეთებინა განცხადება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“რაც შეეხება “რუსეთის ინტერესების გატარებას”, ამერიკას აქვს სრული ინფორმაცია ნებისმიერ გადარიცხვებზე. ეს კარგია თუ ცუდი, სხვა თემაა, მაგრამ რაღაც შეთანხმებები ყოველთვის ტოვებს ფინანსურ კვალს და ჩანს, ვინ ვისთვის რას აკეთებს. აქედან გამომდინარე, თუ რაღაცის შესწავლას დაიწყებენ, ბუნებრივია, რაღაც კვალსაც იპოვიან. სხვა საკითხია, რას ამბობენ საჯაროდ და რას საუბრობენ კულუარებში. არის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ ვრცელდება. ამ გახმაურებული საქმის უკან სხვა ინტერესებიც შეიძლება იყოს, ამიტომ ისინი კარგად არიან ინფორმირებული. როგორც ჩანს, მათი დაზვერვაც კარგად მუშაობს. არც ის გამორიცხოთ, თუკი დაინტერესდნენ, თავად რუსეთისგანაც მიიღონ ინფორმაცია. მე ახალს არაფერს ვამბობ, რომის იმპერიიდან მოყოლებული ასე იყო და არის. ალბათ, ყველა დიდ სახელმწიფოს აქვს თავისი ინფორმაციის წყაროები. -სა და ევროპას მილიარდობით დოლარი აქვთ ჩადებული საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. საქართველო ჩვენს და მთელ აღმოსავლეთ რეგიონში უნდა ყოფილიყო ერთგვარი ნიმუში, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, რომ დემოკრატიული განვითარება უკეთესია ამ რეგიონის პროგრესისთვის, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმი”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამაში ჩადეს დიდი ფული ევროპამ და აშშ-მა და ცხადია, დაინტერესებული იყვნენ, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ყოფილიყო წარმატებულად შემდგარი პროექტი. ეს უნდა ყოფილიყო ალტერნატივა იმ სისტემისა და მოდელებისა, რასაც პუტინის რუსეთი და ჩინეთი გვთავაზობენ. ის კი, რაც გააკეთა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ჩვენი საზოგადოების ღალატი, არამედ პირდაპირ წყალში ჩაყარა ამერიკელებისა და ევროპელების მილიარდები. ბუნებრივია, ივანიშვილს პასუხს მოსთხოვენ. ახლა ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც მთავარია ეს ისე მოხდეს, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს, რაც იოლი არ არის… საქართველოში დღეს არის ორი მხარე – ერთი ხელისუფლება, ხოლო მეორე – ქუჩის პროტესტი. ამ პროცესში მხარე ოპოზიცია არ არის. კი დგანან პოლიტიკოსები ქუჩაში ხალხის გვერდით, მაგრამ პარტიების მიერ არც ეს აქციები იყო ორგანიზებული და არც მისი მართვის შესაძლებლობა აქვს ოპოზიციას. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ის პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი პოლიტიკური სპექტრის გაჩენას, თავისი ახალი პრინციპებით, ბევრად ადეკვატური და რეალურ ბაზარზე ორიენტირებული პლატფორმებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება საქართველოში, ფაქტობრივად, ახალგაზრდობამ მიზნად დაისახა, რომ ოპოზიცია არ წარმოადგენდეს მას მთავრობასთან მოლაპარაკებაში”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ახლა ერთადერთი, ვისაც საზოგადოების ნდობა აქვს, ა. ადამიანი, რომელმაც მოიპოვა ნდობის მანდატი თავისი პოლიტიკით, განცხადებებით, ქმედებებით. რამდენიმე წლის წინ ის არ იყო ასეთი პოპულარული ლიდერი თავისუფალი საზოგადოებისთვის. წარმოუდგენელი იყო, თუ ოდესმე “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოსული საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს ჩათვლიდა ლიდერად. ზურაბიშვილმა კი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სწორად იმუშავა – ის არ გახდა მმართველი პარტიისა და ს მარიონეტი. აჩვენა, რომ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და მას პატივს სცემენ საერთაშორისო არენაზე. მან აჩვენა, რომ მას, როგორც თანასწორს, შეუძლია საუბარი ევროპელ ლიდერებთან. მეტიც, ევროპელებმა ის აღიარეს როგორც პარტნიორი, რომელთანაც სურთ ურთიერთობა. სალომემ იცის მათი ენა, როგორ და რაზე ელაპარაკოს. ყოველივე ამან ის მოიტანა, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდა ამ მოძრაობის არაფორმალური ლიდერი თუ არა, ერთადერთი ფიგურა, რომელსაც მეტ-ნაკლებად ენდობა ხალხი, განსხვავებით პოლიტიკური პარტიებისგან, რომელთაც ხალხი არ ენდობა”, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.
“დაკავებული არიან რაღაც პარალელური პარლამენტის თუ საბჭოს შექმნით და აზრად არ მოსდით, ეს ვინმეს აინტერესებს თუ არა. ქუჩაში პარტიები მეხუთე და მეათეხარისხოვანები არიან იმ მოქალაქეებთან შედარებით, ვინც ქუჩაში დგანან. დღეს პოლიტიკურ ფიგურად იკვეთება სალომე ზურაბიშვილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდულ მოძრაობას აქციების სულისჩამდგმელები ძალიან კარგად ორგანიზატორობენ. თუნდაც ის, რომ “ერთობის ჯაჭვი” იყო უნიკალური, ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული აქცია, დაახლოებით 27-30 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ამ ადამიანების ფუნქცია მხოლოდ ის არ არის, რომ ქუჩაში იდგნენ. მათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ მაგიდასთან თავიანთი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ, იმიტომ, რომ უფრო ღირსნი არიან, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. ოპოზიციის მიერ წაგებული არჩევნების შემდგომ ახალგაზრდობამ თავისი გამოსვლებით აჩვენა, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შანსი აქვს. ბუნებრივია, მათი ამბიციაა, გადაწყვეტილებები შეთანხმებულად იქნეს მიღებული. ვფიქრობ, სალომე ამას ძალიან კარგად ხვდება და ცდილობს სწორედ ამაზე გააკეთოს აქცენტი”, – განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “ყველა ელოდა, თუ რას იზამდა ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი მას სწორედ დარჩენას სთხოვდა…” – პასუხობს:
“სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ძალიან სწორია. ის არ დათანხმდა იმ ავანტიურისტულ აზრს, რომ დარჩენილიყო შენობაში. პირიქით, ძალიან სწორად მოიქცა, რომ ინაუგურაციის დროს ხალხს ორბელიანების სასახლესთან სთხოვა შეკრება, რათა პარლამენტთან არ მისულიყვნენ და დაპირისპირება არ მომხდარიყო. მომავალში როგორ განაგრძობს საქმიანობას, გამოჩნდება. ფაქტია, როგორც თავად თქვა, 31-ში ახალი წლის შეხვედრას ხალხთან ერთად აპირებს რუსთაველზე. ასევე ძალიან მომწონს, რომ აქცენტი კეთდება ახალ ძალებზე, რომლებიც შეიძლება გამოჩნდნენ. ის ახალგაზრდები, ვინც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნიან და ამ პროცესებს ორგანიზებას უწევენ, ქართული პოლიტიკის მომავალია”
“ინაუგურაცია კი კლოუნადა იყო, რაღაც რიტუალი შეასრულეს, სინამდვილეში ინაუგურაცია არც ყოფილა. ჩვენ ვნახეთ თავყრილობა, რომელიც პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მხოლოდ ერთი კაცის წინაშე. ამის დემონსტრირება მოხდა, მეტი არაფერი. ეკლესიაც კი არ იყო წარმოდგენილი პირველი პირებით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, აქამდე ინაუგურაციების დროს ასე არ ხდებოდა. ყაველაშვილი, ალბათ, მაინც შევა ორბელიანების სასახლეში და მერე რა? რაზე ისაუბრებენ ის და მოროშკინა, რომელიც, როგორც ითქვა, მისი ადმინისტრაციის უფროსი იქნება. მას ქვეყანაში არც ფუნქცია აქვს, არც ურთიერთობები და ვერც იმას ვიტყვით, რომ რამე ისეთი იცის, რითაც საზოგადოებას მოხიბლავს. ამიტომაც მაინტერესებს, რა ფუნქციას მიანიჭებენ. არსებულ მოდელში თუ პრეზიდენტს რაიმე ფუნქცია აქვს, მაინც საგარეო ფუნქციაა, ვიზიტები, შეხვედრები და ა.შ., ქვეყანაში კი თუ პოლიტიკური კონფლიქტი არ არის, პრეზიდენტს ფუნქცია არა აქვს. ვიდრე ქვეყანაში რამე ისეთი არ ხდებოდა, ზურაბიშვილიც პასიური იყო. კიდევ პრეზიდენტს ვეტოს დადების ფუნქცია აქვს და ძალიან მაინტერესებს ყაველაშვილის დადებული ვეტო. ფაქტია, ქვეყანაში ამ მხრივაც ძალიან უცნაური სიტუაცია იქნება.
გამაფრთხილებელი გასროლა? – ტოვებს თუ არა ივანიშვილის დასანქცირება სივრცეს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის
“აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისათვის დაწესებული სანქციები არც ისე მძიმეა, როგორიც შეიძლება ყოფილიყო. ეს აჩენს განცდას, რომ დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებისგან კომპრომისზე წასვლის იმედი არ დაუკარგავს და კიდევ ტოვებს სივრცეს შესაძლო მოლაპარაკებისათვის. რა გაგრძელება ექნება ამას და რა საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ “ოცნებისაგან”? აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიაში. სანქციები მხოლოდ ინდივიდუალურია, ანუ დასანქცირდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი და არა მისი ოჯახის წევრები. ამასთან, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმად სანქციები არ ვრცელდება არც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე. გამონაკლისის სახით სანქციები გაავრცელეს რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო ტრანზაქციებზე და “კრედიტ სვისთან” დავის ფინანსურ შედეგებზე. ეს ბოლო პუნქტი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი, სპეციალური ნებართვის გარეშე, ვერ მიიღებს კრედიტ “სუისთან” სასამართლო დავის შედეგად დაბრუნებულ საკუთარ თანხებს”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გამაფრთხილებელი გასროლა? – ტოვებს თუ არა ივანიშვილის დასანქცირება სივრცეს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის.
“საინტერესოა ამ გადაწყვეტილების ფორმულირებაც – აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე”. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, აცხადებს, “შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში. პრემიერი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ფორმალური დასანქცირებით არაფერი შეცვლილა, რადგან დე ფაქტოდ ის ისედაც დასანქცირებული იყო. ანალიტიკოსთა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სამიზნე სწორად შეარჩიეს, ვინაიდან ივანიშვილი არის “ოცნების” ერთ-ერთი გამწევი ძალა. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ოპოზიციას მისცენ კიდევ ერთი მაშველი რგოლი. 20 იანვრამდე ჩვენ დამატებით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ”, – განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით კი, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს: “რა თქმა უნდა, ამერიკელებმა რაღაც სივრცეები დატოვეს. ერთადერთი გამოსავალი, რაც მას (ივანიშვილს) აქვს, ხელახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა. სხვა არაფერზეა ლაპარაკი”. “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, “ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები”. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით კი, აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება “ადასტურებს, რომ ის საქართველოში რუსული გავლენის აგენტია”. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სანქციები მძიმეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასა და თავად ბიძინა ივანიშვილსაც უტოვებს ერთგვარ “გასასვლელს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს სანქციები, პრინციპში, ნიშნავს იმას, რაც პრემიერმა ირაკლი მ თქვა – რომ ეს არის არაფორმალურად დაწესებული სანქციების ფორმალიზება. მე ვფიქრობ, ამ სანქციებით შეერთებული შტატები ცდილობს რაღაცნაირად შეარყიოს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ ზოგადად, “ქართული ოცნების” პოლიტიკური პოზიციები. თავად ამ აქტს აქვს, ვფიქრობ, არანაკლები პოლიტიკური დატვირთვა, ვიდრე ფინანსური, რადგან ეს აქტი “ქართული ოცნების” მხარდაჭემრებში გამოიწვევს გარკვეულ შეშფოთებას, შიშს. როგორც ჩანს, სწორედ ამაზეა გათვლა, რომ მათ გამოაცალონ მხარდამჭერები. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ოპოზიციას მისცენ კიდევ ერთი მაშველი რგოლი, რომ მან, ამ ფაქტის გათვალისწინებით, უკეთ და ეფექტურად შეძლოს თავისი პოლიტიკური კამპანიის წარმოება და ჩვენ ოპოზიციური პარტიების განცხადებები უკვე ვნახეთ. მე ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი ალბათ არ არის პირველი და უკანასკნელი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. 20 იანვრამდე ჩვენ დამატებით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“თუ ეს სანქციებით შემოიფარგლება, კიდევ არაფერი. მთავარია სხვა უფრო მნიშვნელოვანი ზიანი არ მოგვაყენოს აშშ-ის ადმინისტრაციამ, რადგან ის ებრძვის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, გადაყენება და სხვისით ჩანაცვლება უნდა, თუმცა შესაძლოა ეს სასანქციო და დამსჯელი ღონისძიებები ქვეყანასა და ხალხზეც აისახოს. მე ვშიშობ რამე მსგავსი არ მოხდეს. შესაძლოა ეს ნიშნავდეს იმას, რომ აშშ “ქართულ ოცნებას” უტოვებდეს შანსს მოლაპარაკებისთვის და შეიძლება არა, რადგან თუ ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი გასროლაა, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ოცნება” წავიდნენ იმ დათმობაზე, რასაც მათგან დასავლეთი ითხოვს, ამის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა არის მეორე ვარიანტიც – ამ სანქციებმა შეიძლება “ქართული ოცნება” პირიქით, საპირისპირო პოზიციაზე დააყენოს და თქვან – თუკი მაინც გვასანქცირებენ და გვსჯიან, მოვიქცევით ისე, როგორც საჭიროდ ვთვლითო. იმიტომ, რომ „ოცნება” რაკი ერთხელ დათმობს, მაშინ შესაძლოა მისგან კიდევ სხვა დათმობებიც მოითხოვონ. ეს არის საკმაოდ მაცდუნებელი გარემოებები, რომ პოლიტიკურ ძალას გაუჩნდეს დათმობების სურვილი, მაგრამ შეიძლება ამან იქამდე მიიყვანოს, რომ მერე საერთოდ ყველაფერი დაკარგოს. ამიტომაც, “ოცნებაში” ახლა ფიქრობენ რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ ამაზე. მე მაინც მგონია, რომ ის მთავარი დათმობა, რასაც დასავლეთი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ითხოვს, ანუ არჩევნების ხელახალ ჩატარებას, ალბათ არ იქნება”, – დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“სანქციების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამ საკითხში კომპეტენტურ პირებს ვესაუბრები და ყველა ერთხმად მეუბნება, რომ ეს არის აშშ-ის მხრიდან ყველაზე მძიმე სანქციები, რაც შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის დაეწესებინათ. ფაქტობრივად, მთელი ფულის მოძრაობის საშუალება ეყინება. დიდხანს იფიქრეს, კარგად შეამოწმეს, ივანიშვილის საქმიანობა შეისწავლეს, მოძებნეს სად აქვს თანხები, დაელოდნენ ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს ანგარიშებს არჩევნებზე და ყაველაშვილის ინაუგურაციის წინ მიზანში მოარტყეს. დროში ძალიან კარგად იყო გათვლილი ეს სანქციები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკელები ზედმიწევნით კარგად იცნობენ საქართველოში სიტუაციას. ბუნებრივია, რაკი ასეთი დარტყმა მიაყენეს ზუსტ დროს, ესე იგი ისინი კიდევ აპირებენ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას, თუ ივანიშვილი და “ოცნება” ვერ მიხვდებიან რასთან და ვისთან აქვთ საქმე. ასე რომ, ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“მას ფულის მოძრაობის საშუალება არ ექნება და თანხები ვეღარ მოემატება იმდენად, რამდენადაც არ წაერთმევა. თუმცა ეს არაა მთავარი, ამაზე მნიშვნელოვანია მისთვის რეპუტაციული დარტყმა. არსებობს მილიარდერების ოჯახები და გარკვეული მოძრაობა, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ მილიარდერებში მისი რეპუტაცია ძალიან შეირყევა, რადგან გამოდის, რომ თავისი ხალხის სისხლით აკეთებს ფულს. ამგვარი სანქციები ძირითადად რუსი მილიარდერების წინააღმდეგ გამოიყენეს, როცა ში ომი დაიწყო და ამაში ჩაერთო ივანიშვილიც. რა თქმა უნდა, ამერიკელებმა რაღაც სივრცეები დატოვეს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს ოჯახის წევრებს არ ეხებოდეს, რადგან ფინანსური არხები და მოძრაობები ძალიან კარგად იციან. შეუძლებელია მისი ოჯახის წევრები ამ სანქციებზე დამოკიდებული არ იყვნენ. ივანიშვილს ახლა დასაკარგი დრო არ აქვს. წესით გამოსავალს უნდა ეძებდეს და საერთო ენის გამონახვაზე ფიქრობდეს როგორც ოპოზიციასთან, ასევე წინააღმდეგობის იმ ჯგუფებთან, რომლებიც საქართველოში სიტუაციას ეფექტურად მართავენ. ერთადერთი გამოსავალი მას აქვს ხელახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა, სხვა არაფერზეა ლაპარაკი. მის ფულს არავინ ედავება. სხვა გამოსავალი არ აქვთ – ან ამ დათმობაზე უნდა წავიდნენ, ან მათი რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. მესამე გზა არ არსებობს”, – დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
“ახლა ვინც მოერევა, ის დაადგენს წესებს” – კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე
“ეს არ არის ყველაზე მკაცრი სანქცია, რომელიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, ამერიკელებმა რაღაც სივრცე დატოვეს, რათა “ქართული ოცნების” რეჟიმმა იქნებ უკან დაიხიოს. თუმცა, მეორე მხრივ, აჩვენეს, რომ აშშ ყველაფრისთვის მზად არის. აშშ-მ მხარი დაუჭირა იმას, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს ამდენი ხანია. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს სანქცია ერთ თვეზე მეტია, რაც დავადეთ, ახლა ეს აშშ-მ გაიმეორა და ველოდებით, რომ დასავლეთის სხვა სახელმწიფოებიც იმავეს მოიმოქმედებენ. ჩვენ ვხედავთ ტრამპთან დაახლოებული პირების, რესპუბლიკელი სენატორების პოზიციებს. ისინი, შეიძლება ითქვას, უფრო მკაცრებიც კი არიან, ვიდრე დემოკრატები. ასე რომ, ამწუთას არ ველი, რომ ტრამპი “ქართულ ოცნებასთან” დამოკიდებულებას შეარბილებს. სანქციების დაწესება იმისთვისაა, იქნებ ხელი შეუწყოს კომპრომისს, ვნახოთ…” – აცხადებს პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა ვინც მოერევა, ის დაადგენს წესებს”.
“ახლა “ქართულმა ოცნებამ” უნდა გააკეთოს არჩევანი, ერთი მხრივ, სამოქალაქო მშვიდობასა და სამართლიანობას და მეორე მხრივ, საკუთარ ძალაუფლებას შორის. თუ უკან არ დაიხევენ, რეპრესიები იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგობის მოძრაობა გაიმარჯვებს. ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოებიდანაა გასული. ახლა საქმე ეხება ნებას, ნება კი განპირობებული იქნება იმით, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. თუ წინააღმდეგობამ გაიმარჯვა, მაშინ “ქართული ოცნება” დანიშნავს ახალ არჩევნებს. თუ “ოცნებამ” მოახერხა და ხალხის წინააღმდეგობა გატეხა, მაშინ ახალი არჩევნები არ იქნება. ცხადია, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია, თუმცა მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, თუ “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა ისევ იმ პროკურატურით, იმავე სუს-ით, იმავე ცენტრალური საარჩევნო კომისიითა და საარჩევნო ადმინისტრაციით. ასეთ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, “ოცნება” კვლავ შეძლებს მანიპულირებას. ყველაფერი უნდა გადავიდეს მიუკერძოებელი მონაწილეების ხელში”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახუშტი მენაბდე და შეკითხვაზე – “მასობრივი გაფიცვებისა და ბოიკოტის გაძლიერების გარეშე შესაძლებელია აიძულო “ოცნება” არჩევნებზე დათანხმდეს?” – პასუხობს:
“ერთია შიდაპოლიტიკური, მეორე – საგარეო პოლიტიკური საკითხი. “ქართული ოცნების” დარწმუნება დანიშნოს ახალი არჩევნები დამოკიდებული იქნება ამ ორი ინსტრუმენტის სინთეზზე, თუ რამდენად სინქრონიზებული იქნება წნეხი და რამდენად შესწევს “ოცნებას” ძალა, გაუმკლავდეს. თუ გვინდა ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან რეალურ გამოსავლად იქცეს, მაშინ ჯერ “ოცნება” უნდა გავტეხოთ, დავამარცხოთ, უზურპაციაზე ხელი ავაღებინოთ, ვაიძულოთ დათანხმდეს ახალ არჩევნებს.
“სალომე ზურაბიშვილის კოორდინაციას საზოგადოებრივ საბჭოსთან, ძნელად წარმომიდგენია, ამ საბჭომ შეძლოს ქვეყნის არჩევნებამდე მიყვანა, უფრო მგონია, ფორმალური ინსტრუმენტი იქნება… ერთი რამ ცხადია, რთულ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება, რომელიც სახიფათოც კია, ფაქტობრივად, გვყავს ორი პირი, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტობაზე აცხადებენ პრეტენზიას. ერთი მხრივ, ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გვყავს, ხოლო მეორე მხრივ, “ოცნების” დანიშნული , პირი, რომელიც პრეზიდენტობას იჩემებს და ვის მხარესაც არის ძალა. იქით მხოლოდ ლეგიტიმაციაა და ამ ვითარებაში რა შეიძლება მოხდეს, ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, მთავარი ის კი არ არის, სად იჯდება ზურაბიშვილი, არამედ რა სტატუსით ზის და რამდენად ეფექტურად გააგრძელებს პოლიტიკური სპექტრის კოორდინაციას, ასევე ხალხის პრეზიდენტად დარჩენას”, – განაგრძობს ვახუშტი მენაბდე.
“ხელახალი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ფორმით გადადგება მთავრობა – როცა ძველი პარლამენტი ნდობას დაკარგავს, ან პრემიერ-მინისტრი გადადგება. ეს მომენტი ჯერ არ გვიდგას აქტუალურად. მე ვხედავ წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატებას, მაგრამ ეს წინსვლა ჯერ არ არის იმდენად გარდამტეხი, რომ “ოცნების” ძალაუფლების ციტადელი ჩამოიშალოს. მართალია, “ოცნება” ვეღარ არის ისეთი ძლიერი, მაგრამ ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ციტადელს, როცა ის ჩამოიშლება, მერე ყველაფერზე დათანხმდება. ახლა სისტემა არ მუშაობს, არაფერი მუშაობს, არ არსებობს კანონები, არ არსებობს წესრიგი, არის ორი დაპირისპირებული ძალა და ვინც მოერევა, ის დაადგენს წესებს… ხალხი ქუჩაში რომ აღარ გამოვიდეს და წინააღმდეგობა შეწყდეს, რეჟიმი დაიწყებს ინდივიდუალურ დონეზე წმენდას და მისთვის ყველა არასასურველ პირს სხვადასხვა ფორმით გაანეიტრალებს – იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა, ქვეყნიდან გაქცევა-გადახვეწა თუ სხვა მეთოდები”, – განმარტავს კონსტიტუციონალისტი.