ხელისუფლებისადმი ლოიალური ბიზნესმენებიც გრძნობენ, რომ მათი მომავალიც ვერ იქნება მმართველი პარტიის გვერდით” – ზურაბიშვილი

“ხელისუფლებისადმი ლოიალური ბიზნესმენებიც გრძნობენ, რომ ეს ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, მათი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდით” – ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გააკეთა, სადაც მან მოქალაქეებს მიმართა.
“ეს ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, დღეს, თუნდაც ხელისუფლებისადმი აქამდე ლოიალურად განწყობილი ბიზნესის ნაწილი, როგორც ყოველთვის ხდება ასეთ ქვეყანაში, გრძნობს, რომ მისი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდით.
იქ აღარავინ არ დარჩა. რამდენი არიან შიგნით? 100-მდე? 150? არ დავითვალოთ. ჩვენ არ ვითვლით. ჩვენ არ გვჭირდება დათვლა, რადგან ბევრნი ვართ.
კრიზისი არის ტოტალური. მმართველმა პარტიამ, რომელიც მშვიდობაზე გვესაუბრებოდა, ომი დაუწყო ქართველ ხალხს და არა მხოლოდ ომი დაუწყო ხალხს, არამედ ყველა წერტილი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ერთობის, ჩამოშალა – სპორტი, კულტურა და ეკლესია. ყველაფერი გაყო და დაყო“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ იქ [პარლამენტში] არიან ჩაკეტილები, გაყიდულნი, არალეგიტიმურნი, სანქცირებულები და დაბოღმილები.
“ჩვენ ვართ ღია, თავისუფალნი, ლაღი, მშვიდნი და ჩვენთან არის სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“, – უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ მოქალაქეებს.
„რა დგას ჩვენს წინაშე? ქვეყანა შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში. დაიწყო ეს ს ტოტალური გაყალბებით, რამაც გამოიწვია ის შედეგები, რაც გვაქვს სახეზე. ის რომ არალეგიტიმურმა პრემიერმა, პარლამენტმა, არაკონსტიტუციურმა პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა დე ფაქტო პრემიერმა, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ისტორიაში არავის მიუღია, რომ მანდატის გარეშე, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა რომ ეს ქვეყანა დაებრუნებინა იმ ქვეყნის ორბიტაზე, რომელსაც გავექეცით, რომლისგანაც გავთავისუფლდით და რომლის მიმართ ბრძოლაც ისტორიის ნაწილი იყო“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს.
პარლამენტის შენობაში ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს სასახლესთან მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
ყაველაშვილი ინაუგურაციის შემდეგ ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს.