მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო არბიტრაჟისთვის მიმართვა არ გამორიცხა.
როგორც დორინ რეჩანმს სოციალურ ქსელში დაწერა, „გაზპრომის“ გადაწყვეტილება ადასტურებს, კრემლის განზრახვას, ზამთარში დატოვოს დნესტრისპირეთის რეგიონის მცხოვრებლები სინათლისა და სითბოს გარეშე.
„რუსეთი იყენებს ენერგიას, როგორც პოლიტიკურ იარაღს, მძევლებად აქცევს დნესტრისპირეთის რეგიონის მოსახლეობას“, – აღნიშნა დორინ რეჩანმა.
მისი თქმით, მოლდოვის მთავრობა „არ ცნობს რაიმე სავარაუდო ვალს, რომელიც საერთაშორისო აუდიტმა ბათილად ცნო“.
მისივე თქმით, ქვეყანა მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ სიტუაციას, რომელიც კრემლის გადაწყვეტილების შედეგად წარმოიქმნება.
„ამავდროულად, მთავრობა გულდასმით გაანალიზებს სამართლებრივ ვარიანტებს, მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვას, ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და კომპენსაციის მისაღებად კრემლის გადაწყვეტილებების გამო, რაც იწვევს ეკონომიკურ ზარალს და გავლენას ახდენს მოლდოვის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე“, – დაწერა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში.
რუსული ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდებას 2025 წლის პირველი იანვრიდან შეუწყვეტს. „გაზპრომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა გამოწვეულია მოლდოვას მიერ ხელშეკრულების დარღვევასა და დავალიანების დაფარვის დარეგულირებაზე უარით.
წყარო: 1 არხი