eZo-ს ახალი წლის ფესტივალი გაუქმდა – Mzesumzira დონაციას ითხოვს

eZo-ს ახალი წლის ფესტივალი გაუქმდა. ამის შესახებ განცხადება Mzesumzira-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“თითქმის ერთი თვეა, უწყვეტად ვდგავართ საქართველოს მასშტაბით დაწყებულ მასობრივ საპროტესტო აქციებზე, რომლის დროსაც ვნახეთ არაერთი სასტიკი დარბევა, ადამიანების ცემა და დაკავება, დაშინება, გაუგონარი ფიზიკური ანგარიშსწორება. საპროტესტო ტალღის დაწყებისთანავე ჩვენ შევაჩერეთ საახალწლო ფესტივალისთვის დაწყებული მზადება, რომელიც წლის 4 მთავარი ივენთიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. ნოემბრის ბოლოსვე შევაჩერეთ გაყიდვები და მარკეტინგული აქტივობები, ასევე გასვლითი ღონისძიებების გეგმები. ვიტოვებდით იმედს, რომ სიტუაცია დასტაბილურდებოდა, რაც საშუალებას მოგვცემდა, უკვე ტრადიციად ქცეული eZo-ს ახალი წლის ფესტივალზე შევხვედროდით ერთმანეთს.სამწუხაროდ, დღევანდელ ვითარებაში, შეუძლებლად მიგვაჩნია ამ ტიპის ღონისძიების გამართვა – ახალი წელი ხომ ჯადოსნური, მხიარული, საზეიმო განწყობის მატარებელი ღამე უნდა იყოს?! ეს კი ამ მოცემულობაში შეუძლებელია. გარდა ამისა, მიგვაჩნია რომ ახლა არ არსებობს გარანტია, უსაფრთხო სივრცის იდეა დაცული იყოს ღონისძიებაზე, რაც ჩვენთვის ივენთის ჩატარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაუქმოთ საახალწლო ფესტივალი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
Mzesumzira წერს, რომ საახალწლო ფესტივალის გაუქმება და გაურკვეველი მომავალი, მათ ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს. საკლუბო ბიზნესი დონაციას ითხოვს.
“რადგან ჯერჯერობით, როგორც ახლო, ისე შორი მომავალი ბუნდოვანია, საახალწლო ფესტივალის გაუქმება კი გვაყენებს ურთულეს ფინანსურ მოცემულობაში: თანამშრომლების ხელფასები, იჯარა, არტისტების ჰონორარები, სხვა ვალდებულებები და ა.შ – გვიწევს მოგმართოთ დონაციის თხოვნით.იმედი გვაქვს, თქვენი დახმარებით ამ მძიმე დროს გადავაგორებთ, შევინარჩუნებთ ჩვენს საყვარელ საქმეს, რომელიც ჩვენი კომუნის უმეტესობისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა და რომელიც ახლა ნამდვილად დგას ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე. დონაციის გასამარტივებლად, გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ საახალწლო ფესტივალის ვირტუალური სახე და გთხოვოთ მასზე დასასწრები, ასევე ვირტუალური ბილეთების შეძენა. ბილეთები სხვადასხვა კალათებად იქნება მითითებული ჩვენს საიტზე. გარდა ბილეთებისა, შესაძლებელია თქვენთვის სასურველი თანხის ჩარიცხვაც, როგორც ვებ გვერდიდან, ისე ჩვენს ანგარიშის ნომერზე:#GE53TB7001436020100011 “, – წერია განცხადებაში.