ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთთან, არამედ გერმანულ “ბაიერთან”, ფრანგულ “ლორეალთან”… – PSP

კომპანია PSP განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სამთავრობო მედიასაშუალებების მიერ რიგი ქართული კომპანიების რუსეთში ექსპორტ-იმპორტის შესახებ გავრცელებულ კონკრეტულ მონაცემებს ეხმაურება.
აღსანიშნავია, რომ სამთავრობო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდნენ ის ბიზნესები, რომლებიც Freebusiness.ge-ის პლატფორმის მოთხოვნებს შეუერთდნენ.
„სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთთან, არამედ გერმანულ „ბაიერთან“, ფრანგულ „ლორეალთან“, ბრიტანულ „რეკიტ ბენკიზერთან“, – აცხადებენ PSP-ში.
სამთავრობო მედიების ცნობით, ინფორმაციის წყარო მმართველი გუნდია. BMG უკვე დაუკავშირდა “ქართულ ოცნებას”, რათა გავიგოთ, საიდან აქვთ ეს მონაცემები. ასევე, მივმართეთ შემოსავლების სამსახურს და საქსტატს, რომლებიც აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალური წყაროები არიან, თუმცა რამდენადაც ვიცით, ცალკეული კომპანიების დონეზე მსგავსი მონაცემები არ გაიცემა.
კომპანია PSP-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი დან.
ვთვლით, რომ არ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ განცხადებას, ხოლო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საქართველოს მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია.
პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია. მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, როგორებიცაა „ბაიერ კონსუმერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი ,,ასპირინი“), „სანოფი“, (ყველაზე ცნობილი ბრენდი ნო-შპა), „რეკიტ ბენკიზერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი NUROFEN), ცნობილი ფრანგული კომპანია „ლორეალი“ (VICHY-ს ბრენდი), „შტადა“ – ,,ნიჟფარმი“. ყველა ფარმაცევტული კომპანია საქართველოში და არამარტო საქართველოში, აგრეთვე რეგიონშიც, ევროპულ პროდუქციას იღებდნენ რუსეთში განლაგებული ლოჯისტიკური საწყობებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველა კომპანიას და მათ შორის ჩვენს კომპანიასაც გააჩნია პირდაპირი კონტრაქტები ამ ევროპულ ბრენდებთან, მაგრამ ლოჯისტიკური მომარაგება ხდებოდა რუსეთის გავლით.
სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთთან, არამედ გერმანულ „ბაიერთან“, ფრანგულ „ლორეალთან“, ბრიტანულ „რეკიტ ბენკიზერთან“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ნაწილმა უკვე შეცვალა მომარაგების გზები და პირდაპირი მოწოდებით, ჩვენი მეშვეობით, აწვდის საქართველოს თავის პროდუქციას, – „ლორეალი“ – საფრანგეთიდან, „სანოფი“ – უნგრეთიდან და ,,ბაიერი“ შვეიცარიიდან. დასავლურ კომპანიებს გადააქვთ თავისი ლოჯისტიკური საწყობები, მთელი ინფრასტრუქტურა, ცვლიან ლოჯისტიკურ ჯაჭვებს და ახორციელებენ საქართველოსთან პირდაპირ ბიზნეს-ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა!
ზემოთ აღნიშნული განცხადება არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანიის წინააღმდეგ არაობიექტური ინფორმაცია ვრცელდება. ამას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგი ზეწოლის და დაზარალების მცდელობას, რადგან სხვა კომპანიებთან ერთად ჩვენც შევუერთდით მოსახლეობაზე ძალადობის შეწყვეტის, ახალი ს დანიშვნის და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას”, – წერია PSP-ს განცხადებაში.