“ცუდი სურათი იქნება, ჩვენ რომ მოგვიწიოს სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციიდან ძალით გამოყვანა”-

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანების სასახლის დატოვების საკითხზე საუბრის დროს განაცხადა, რომ ძალიან ცუდი სურათი იქნება თუ მათ მისი ძალით გამოყვანა მოუწევთ.

“შესაბამისად, იქ, იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არამარტო უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ, პირველ რიგში, საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 100-150 ადამიანს, რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. აქედან გამომდინარე, მე ასეთი არაგონივრული სცენარის გათამაშებას არ ველოდები.

სალომე ზურაბიშვილის და სხვა შესაბამისი პირების გაფრთხილება ჩვენი მოვალეობაა. ეს არის არამარტო ჩვენი უფლება, არამედ ეს არის ჩვენი მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა, ამ შემთხვევაში, დანაშაულის პრევენციაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ .

დამეთანხმებით, ძალიან ცუდი სურათი იქნება ჩვენ, რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი.

ეს შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი, ასე ვიტყოდი. ესეც, რა თქმა უნდა, ქვეყანას არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას