ხვიჩას გოლი ისევ საუკეთესოა! – როგორი იყო წელი და სეზონი – ბოლო მატჩი ახალ წლამდე…

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” წლის ბოლო მატჩის ჩასატარებლად ემზადება. ანტონიო კონტეს გუნდი “ვენეციას” უმასპინძლებს – კვირას, 29 დეკემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე.
ნეაპოლელებისთვის კალენდარული წელი და მიმდინარე სეზონი მკვეთრად განსხვავებულია. არეული პერიოდის შემდეგ გუნდი ზაფხულში ევროტურნირებს მიღმა დარჩა, ანტონიო კონტეს მოსვლამ კი ამბიციური მიზნები დასახა, რაც მეორე წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 38 ქულასა და “ატალანტასა” და “ინტერთან” საჩემპიონო ბრძოლას ნიშნავს.
რა შეიცვალა აგვისტოდან მოყოლებული? “ნაპოლის” ჰყავს ძლიერი, ტაქტიკურად გამართული და იღბლიანი მწვრთნელი. ანტონიო კონტეს ს მნიშვნელობა მშვენივრად ესმის. ერთი
მხრივ, მაკტომინეი თუ ლუკაკუ მისთვის კომფორტის ზონის შექმნაზე მუშაობენ, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, “კვარას” დაცვაში ბევრი მოძრაობა რომ უწევს, მისი გუნდი კი ძირითადად ბურთის გარეშეა და საკუთარ ნახევარზე მოქმედებს.
კიდეც რაც შეიცვალა, ამჟამად ტრავმირებული ბონჯორნოს დაცვაში გამოჩენა და ამ მხრივ სიტუაციის მნიშვნელოვნად დალაგებაა. არადა, დასაწყისი ისეთი იყო, ასეთ შედეგს არ ველოდით.
რაც შეეხება ხვიჩას, მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი პასია. ქართველი გუნდში კვლავ დიდ განსხვავებას ქმნის, მოწინააღმდეგეების მთავარი დანიშნულება მისი ნებისმიერი გზით შეკავებაა.
გულშემატკივრები შესადარებლად “კვარას” პირველ წელს იყენებენ, რაც ობიექტური ვერ იქნება. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში 77-ე ნომერზე მწვრთნელები თუ მცველები უფრო მეტს ფიქრობენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ნახევარდაცვა როგორ მუშაობს. მაგალითად, ლობოტკა შორსაა იმისგან, როგორიც ორი სეზონის წინ ვნახეთ. თუკი გუნდური მექანიზმები ბოლომდე გამართული არაა, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის ჩვენება კილიამ მბაპესაც უჭირს და ერლინგ ჰოლანსაც. კვარაცხელია, რომელიც ახლა მწვრთნელის ჩარჩოებს მეტად გრძნობს, მინდორზე კვლავ ყველასგან განსხვავებულს გვთავაზობს, ლამაზი შტრიხებით. ამას წელს სანაკრებო წარმატებაც და ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც მოჰყვა.
რაც არ იცვლება, გულშემატივრებმა სეზონის საუკეთესო გოლად ისევ ჩვენებურის აღიარეს – “ვერონასთან” – მაცოკიმ პრესინგზე დიდებულად რომ ითამაშა და კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა.
ხვიჩას ანგარიშზე საჩემპიონო სეზონში 12 გოლი და 10 საგოლე პასი იყო, შემდეგში – 11 შედეგიანი დარტყმა, 6 “ასისტი”. ასე რომ, ამ მიმართულებით, ყველაფერი წესრიგშია. მნიშვნელოვანი განსხვავება სადაცაა, წინა სეზონში მას 8 გაფრთხილება ჰქონდა, ამ მიმართულებით კი საკუთარ თავზე სერიოზულად იმუშავა, მსაჯებთან ნაკლებად კამათობს. არადა, რთულია, მის მიმართ ზღვარგადასულ უხეშობასაც ვხედავთ. საკუთარ თავზე მუშაობა ვახსენეთ და აქ თერთმეტმეტრიანის შესრულებაც უნდა აღვნიშნოთ…
პირველ როგში, ქართველმა ფეხბურთელმა ლუჩანო სპალეტის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და ეცადოს, ნაკლებად მგრძნობიარე იყოს. კი, მასზე დიდი ზეწოლაა, როგორც შინაგანი, ასევე გულშემატკივართა მხრიდად (სამწუხაროდ, სამშობლოდან ზეწოლა მხოლოდ სპორტს არ უკავშირდება და წინასაახალწლოდ ამაზე ხაზგასმა აღარ გვსურს); კი, მას მუდამ არსებულის დახვეწასა და ახალზე ფიქრი სჭირდება; კი, მისგან ისევ ბევრ დრიბლინგს ვითხოვთ; კი, კარში დარტყმების უკეთესი სიზუსტე უნდა ჰქონდეს. ასე მივიღებთ ჩვენ ტოპგუნდში მოთამაშე ტოპფეხბურთელს, რაც ყველას ასე გვსურს და უპირველესად, თავად ხვიჩას, რომელიც პიროვნულად ისევ თავმდაბალია… როცა სერია “ა”-ზე ვსაუბრობთ, “ემპოლიში” საბა გოგლიჩიძის საოცარი პროგრესი აუცილებლად აღსანიშნავია.
რაც შეეხება “ნაპოლის” “ვენეციასთან” შეხვედრას, კვარაცხელია მათ პირველად დაუპირისპირდება. ნეაპოლელებმა ისინი ბოლო ორ დაპირისპირებაში კი დაამარცხეს, თუმცა მანამდე ოთხმატჩიანი
მოუგებელი სერია ჰქონდათ, ოღონდ სერია “ბ”-ში. ბოლოს როცა ეს გუნდები ნეაპოლში შეხვდნენ, ოსიმენი 23-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს, ინსინიემ პირველი პენალტი ვერ გამოიყენა, საბოლოო ანგარიში (2:0) კი ელმასმა დააფიქსირა.
ვენეციელები გასავარდნ ზონაში არიან და თითოეული ქულისთვის გააფთრებით იბრძვიან. ცოტა ხნის წინ “იუვენტუსს” სტუმრად უგებდნენ და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე საეჭვო თერთმეტმეტრიანით მხოლოდ ქულა დარჩათ. მათი მთავარი მწვრთნელი გამოცდილი დი ფრანჩესკოა.
“ნაპოლი” პირველ წრეს 2025 წლის 4 იანვარს(21:00 სთ), “ფიორენტინასთან” სტუმრობით დაასრულებს, მეორეს კი 12 იანვარს(23:45 სთ), “ვერონას” მასპინძლობით დაიწყებს. წინა იანვარი გაცილებით დატვირთული იყო – იტალიის სუპერთასით.
ახალი წლის ბედნიერი დღეები ყველას!..