ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კახა ხაზარაძის „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი უკვე დაწყებულია, რაც პირველ ეტაპზე სტუმარმასპინძლობის მიმართულებას შეეხო, ახლო მომავალში კი ბიზნეს-ეკონომიკის ყველა დარგზე აისახება.
„ამ სიტუაცია, ქვეყანას გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი ელოდება, რომელიც უკვე დაწყებულია. ეს პროცესი ყველა სფეროზე მყისიერად არ აისახება, პირველ რიგში ტურიზმს დაარტყა. HORECA-ს და რითეილ სფეროში 25-30%-იანი კლებაა; ავეჯის მიმართულებით კლება 50%-ზე ავიდა, რადგან უძრავი ქონების გაყიდვებზეა მიბმული.
ეს ყველაფერი იმის უმნიშვნელო ნაწილია, რაც იანვარში მოხდება, რადგან ჯერ მაინც საახალწლო განწყობაა და ადამიანებმა ვერ გაითავისეს, რა მდგომარეობაა. აქამდე ნებისმიერი კრიზისი, რომელიც ქვეყანამ გაიარა, იყო გარეკრიზისებიდან გამოწვეული, ეს ერთადერთი კრიზისია, რომელიც ქვეყნის შიგნით განვითარდა.
ეს მდგომარეობა ბევრი ფაქტორისგან შედგება, რასაც ემატება დასანქცირებული სამთავრობო მოხელეები, რომელთა სიაც გაიზრდება. ასევე, ქვეყნის ჩაკეტვა, რადგან ევროპული ინსტიტუციები უარს ამბობენ ფინანსურ დახმარებაზე. უკვე ვნახეთ, რომ რამდენიმე დიდი პროექტი გაჩერდა. მაგალითად, ამ კვირაში, 240 მილიონამდე მოცულობის პროექტი შეჩერდა აჭარაში. სამ თვეში დიდ ხვრელში აღმოვჩნდებით, სადაც მტყუან-მართლის გარჩევაც უკვე პრობლემა იქნება“,- ამბობს „კომერსანტთან“ ხაზარაძე.
ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაში ერთადერთი გამოსავალი, ვადამდელი არჩევნებია, რომელიც რაც მალე იქნება- ქვეყანა მით უფრო ნაკლებად დაზარალდება.
„ქვეყანას დეესკალაცია სჭირდება, ამ მთავრობისადმი ნულოვანი ნდობაა. ერთადერთი გამოსავალი, ახალი არჩევნებია, რაც სწრაფად მივა საზოგადოება ამ აზრამდე და მთავრობასაც დაარწმუნებს, შეიძლება ნაკლები ზარალით გამოვიდეთ, მაგრამ კრიზისი გარდაუვალია. ამ მთავრობას რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვს, რომელიც აცდენილია, ქვეყნის უმრავლესობის ხედვისგან. ის, რასაც აკეთებენ, კეთილდღეობის მომტანი არ არის. ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუ ფეხზე ვდგავართ, ეს ევროპული და ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების დახმარებითაა. რაღაც, რა თქმა უნდა, გრანტით მოდის, რაღაც კრედიტებით. ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად ავტობანი რომ შენდება, იმას, რა თქმა უნდა, არავინ გვაჩუქებს, მაგრამ ხალხი საქმდება, ბიუჯეტში ფული შედის; ცხადია, ამ პროექტების ნაწილი სესხია“,- განაცხადა კახა ხაზარაძემ.