“მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”, – ამ შინაარსის ბანერით “ზურაბ ჟვანიას მარში”, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები იღებენ მონაწილეობას, პარლამენტთან მსვლელობით მივიდა.
მარშის წევრები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
პარლამენტის წინ ამ დროისთვის საავტომობილო გზა გადაკეტილია.
რუსთაველის გამზირზე 29 დღეა საპროტესტო აქციები უწყვეტად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას. საქართველოში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა “ქართული ოცნების” 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას – 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.