1-ელი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ. შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს. აქამდე დისტრიბუტორებს საშეღავათო პერიოდი ჰქონდათ მიცემული, ხოლო იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე ამოქმედდება.
“ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ამბობს, რომ დედაქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვა იმ სადისტრიბუციო მანქანებს პირდაპირ ეხება, რომლებიც მათ პროდუქციით თბილისის ობიექტებს ამარაგებენ.
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, სადისტრიბუციო მანქანებს დღის განმავლობაში რეალურად მხოლოდ 5 საათი რჩებათ იმისთვის, რომ ობიექტები მოამარაგონ, ამ პირობებში კი გაიზრდება ხარჯები, რაც მისი თქმით, პროდუქციაზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ხუნძაკიშვილის პროგნოზით, კონკრეტული პროდუქტები, შესაძლოა, 10-15 პროცენტით კი გაძვირდეს.
“გაზრდილი ხარჯები აისახება პროდუქციის ფასში. ჩვენი შეფასებით, დისტრიბუტორებთან, მწარმოებლებთან ურთიერთობების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 10-15%-მდე გაიზრდება პროდუქციის ფასი სუპერმარკეტებში, რაც ამავე დროს გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალკოჰოლური და არაალკოჰოლური არ არის პირველადი მოხმარების და ჩანაცვლებადი პროდუქციაა, რაც ასევე გამოიწვევს გაყიდვების შემცირებას, ეს კი ბიზნესზე უარყოფითად აისახება.
მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ გაზრდილ ღირებულებას იხდის იმისთვის, რომ შემცირდეს საცობები, თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ ეს არ არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც არის ქალაქში საცობები”, – ამბობს “ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/tsd_w_h-1CMljS-300x169.jpeg)