“ინექცია ლუკაკუსთვის – შეუძლიათ თუ არა “კვარას” და ნერესს ერთად თამაში?” – იტალიაში პრობლემაზე მსჯელობენ

იტალიაში ისევ მიმდინარეობს „ნაპოლიში“ ს მომავლის შესახებ დისკუსია. ამჯერად საკუთარი აზრი რამდენიმე სპეციალისტმა გამოთქვა და ზოგიერთს მიაჩნია, რომ ქართველს ნერესთან ერთად თამაში შეუძლია.
ანტონიო ჯორდანო (ჟურნალისტი): „არავის ეგონა, თუ პირველ ტურში „ვერონასთან“ დამარცხების შემდეგ, „ნაპოლის“ ახლა 38 ქულა ექნებოდა და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩებოდა. კონტე თავის საქმეს კარგად აკეთებს. პროგრესი სახეზეა, თუმცა ყველას შეიძლება საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს. ლუკაკუ? კვარას“ და ნერესს შეუძლიათ მას დაეხმარონ და გუნდის ახალი შემტევი ტრიო შექმნან – ნერესი მარჯვნივ, კვარაცხელია მარცხნივ, ოღონდ ლუკაკუსთან ახლოს. თუ მეტოქის
დაცვას გაწელავენ, უფრო სწრაფად იმოქმედებენ, ეს ლუკაკუსთვის ინექცია იქნება და შედეგს გამოიღებს“.
ანდრეა აგოსტინელი (ნაპოლის ყოფილი ნახევარმცველი და მწვრთნელი): „ნერესი სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდება? ამის შესახებ კითხვას ბევრი სვამს. ეს ფსიქოლოგიური პრობლემა არაა, მთავარი გუნდია. ხვიჩას და დავიდს ერთად თამაში შეუძლიათ, ხოლო პოლიტანოს თადარიგში გადანაცვლება მოუწევს. კონტესთვის სასარგებლოა, როდესაც მის განკარგულებაში მეტი საიერიშო იარაღია. თან მათ მუშაობა მაშინაც სჭირდებათ, როცა ბურთს მოწინააღმდეგე ფლობს“.
პაოლო დელ ჯენიო (ჟურნალისტი): „ჩემპიონატში ყველაფერი ლიდერების პირად დაპირისპირებებში გადაწყდება. ყურადღების მოდუნება დაუშვებელია, რამეთუ არაა გამორიცხული, ქულები მაშინაც დაკარგონ, როდესაც გამარჯვება გარანტირებულად მიაჩნიათ. „კვარა“ და ნერესი ერთად? თუ ისინი და პოლიტანო 100%-ით მზად არიან, მე ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ. პოლიტანო შეიძლება „ვენეციასთან“ სათადარიგო იყოს, „ფიორენტინასთან“ კი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს. კვარაცხელია და ნერესი ერთადერთი წყვილია, რომელიც მოედანზე ერთად არ გვინახავს, მაგრამ თუ ქართველი 100%-ით მზადაა…“
ანტონიო კასანო (იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): „ადრეც ვთქვი, რომ ნერესი კვარაცხელიას კონკურენტია და არა პოლიტანოსი. ბრაზილიელი კარგი ფეხბურთელია, უკვე 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად მოქმედებს, ამიტომ ხვიჩას სიფრთხილე მართებს. უკვე აღვნიშნე, რომ ქართველი ლობოტკას შემდეგ „ნაპოლის“ საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია, თუმცა კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია მოუწესრიგებელია და მასზე გავლენას ახდენს“.