ყაზახეთში ავიაკატასტროფას, წინასწარი ინფორმაციით, 25 ადამიანი გადაურჩა

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს 25 ადამიანი გადარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილი მოქალაქეებიდან 22 კლინიკაში გადაიყვანეს.

სულ ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.

ცნობისთვის, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა დღეს განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azal-ის სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, უკანასკნელად მისი კვალი ყაზახეთში, ქალაქ აქტაუსთან დააფიქსირეს.
Flightradar24-ის რუკებზე დაკვირვებით ირკვევა, რომ თვითმფრინავმა კურსი კასპიის ზღვის ცაზე შეიცვალა და აქტაუს მიმართულებით გაფრინდა. ქალაქის სიახლოვეს კი ავარიული დაშვება დაიწყო.