პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე და კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე ჰააგაში იმყოფებოდა, სადაც, მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოში დეკემბრის აქციების დაშლის დროს ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტების მტკიცებულებები მიიტანა. ამასთან, ანა დოლიძემ შეხვედრები გამართა პარლამენტის წევრებთან, კოლეგებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რა საკითხებზე ისაუბრეს და როგორია საერთშორისო გზავნილები, ამ თემებზე „ინტერპრესნიუსს“ ანა დოლიძე ესაუბრა.
– როგორც ცნობილია, ჰააგაში იმყოფებოდით, სადაც, თქვენივე განცხადებით, აქციების დაშლის დროს ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტების მტკიცებულებები წარადგინეთ. თუ შეგიძლიათ განმარტოთ, რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი?
– ჩემი ამოცანაა, ყველა საერთაშორისო საშუალება იყოს გამოყენებული, რათა პასუხი ვაგებინოთ იმ ხალხს, ვინც ორგანიზება გაუკეთა, გეგმავდა და განახორციელა სისხლიანი დეკემბრის დარბევები. ამისთვის, ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, იქნება ეს უცხოეთის სასამართლოები, პარლამენტები სანქციებისთვის, თუ საერთაშორისო სასამართლო. ყველა მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ!
ამ მიზნით ვიყავი ჰააგაში, სადაც შევხვდი საერთაშორისო სისხლის სასამართლოს, ჰააგის სასამართლოს განყოფილებას, რომელიც იღებს წინასწარ ინფორმაციას საქმეებთან დაკავშირებით. მივაწოდე ინფორმაცია დანაშაულების ხარისხის შესახებ. ჩემი მტკიცებით და როგორც საია ამბობს, დეკემბერში ეს იყო ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ჩავიტანე ვიდეო, ფოტომასალა, მონათხრობები. ეს არის წინასწარი ინფორმაციის მიწოდება. ამის შემდეგ სასამართლომ უნდა დაიწყოს მტკიცებულებების მოგროვება. როგორც ვიცი, აღნიშნულს უკვე აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის წერტილი, სადაც შეგვიძლია მოვითხოვოთ სისხლიანი დეკემბრის ავტორების პასუხისმგებლობა.
– ასევე, შეხვედრები გქონდათ პარლამენტის წევრებთან, კოლეგებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თუ ესაუბრეთ მათ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე მტკიცებულებებთან დაკავშირებით?
– დიახ, მე ამის შემდეგ მქონდა შეხვედრა ნიდერლანდების პარლამენტში, ყველა ფრაქციის წარმომადგენელთან. იცით, რომ ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
გარდა ამისა, ვმუშაობ ინგლისის პარლამენტთან. ირაკლი რუხაძის ბიზნესის ნაწილი, “იმედის” ნაწილი გაკეთებულია ბრიტანეთის იურისდიქციაში. „რვაფეხის“ სისტემას ვეძახი, იმ ფაქტს, როდესაც უნდა მივწვდეთ ყველას საქართველოში თუ არა, ყველგან.
რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, ეს გრძელვადიანი პროცედურაა. თუ დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება, გადაწყვეტილებას სჭირდება წლები. მთავარია, რომ ერთ-ერთი მექანიზმია. რამდენი კარიც არსებობს, ყველა უნდა გამოვიყენოთ.
ასადის რამდენიმე თანამოაზრე გასამართლებულია შვედეთის სასამართლოში, იმ ქვეყნების სასამართლოები თავს ვალდებულად თვლიან, რომ როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევის ასეთი მასშტაბია, პასუხი უნდა აგოს ყველამ.
– რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოძიება, კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალი? რა მოლოდინები გაქვთ?
– ამოცანაა ის, რომ დაუსჯელობის განცდის შეგრძნება უნდა დასრულდეს. რუსთაველის აქციებს ბევრი ამოცანა აქვს, მათ შორის ესეც, დაუსჯელობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს!
„ფარცხალაძიზმი“ უნდა დასრულდეს. ვიღაცას რესტორანში სცემ და პასუხი არ მოგეთხოვება?! ეს არ შეიძლება. ეს არის ჩემი ამოცანა, ეს დავასრულოთ. თუ ვინმემ რაიმე დააშავა, პასუხი უნდა მოვთხოვოთ!
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? თუ აპირებთ რაიმე სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას?
– მე დეკემბერში ვმუშაობდი ინგლისის პარლამენტის წევრებთან, პირველად განხილვაზე დაისვა საკითხი, “იმედის” მშობელ კომპანიაზე, ხომ არ უნდა მოხდეს აქ გამოძიება. მსგავსადაც, სადაც მიგვწვდება საცეცები, უნდა გამოვიყენოთ. იანვარში განახლდება პარლამენტში სხდომები და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. ბართლომეს ღამეები იყო ჩადენილი და მარტო კოკა კაციტაძის პასუხისმგებლობა არ არის. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ!
თეონა ციხიშვილი
„ინტერპრესნიუსი“